,,ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ლიმონათის საექსპორტო პოტენციალი მაღალია. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ გასულ წელს ქვეყანამ საზღვარგარეთ 150 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი გაყიდა, საიდანაც 60 მილიონი ლიტრი ,,ნატახტარის“ ლიმონათი იყო. კომპანიას გაზიანი სასმელი 25 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.
,,შარშან 150 მილიონი ლიტრის ექსპორტი მოხდა საქართველოდან. მაგალითად, ,,ნატახტარი“ არის დაახლოებით 60 მილიონი ლიტრი, რაც საერთო ჯამის 40%-ს შეადგენს. გადის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, ,,გალფის'' ქვეყნებში ანუ სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ჯამში 25 ქვეყანაში გაგვაქვს.’’- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მიმდინარე წელს ,,ნატახტარი“ ლიმონათის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ,,ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის გათვლებით, წლის ბოლომდე ექსპორტის მაჩვენებელი 10-15%-ით გაიზრდება.
,,ვგეგმავთ გავზარდოთ ექსპორტირებული გამაგრილებელი სასმელების რაოდენობა. ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესებისა და დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია. ბიზნესი ყოველთვის ზრდაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს ზრდაზე ვართ დაგეგმილი. ჩვენი გათვლით, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა წლის ბოლომდე უნდა იყოს.’’- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.