მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, კრისტალი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისების შეთავაზებას. სწორედ არაფინანსური სერვისები უწყობს ხელს მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას. ამ მიზნით, კომპანია სისტემატურად მართავს შეხვედრებს და მასტერკლასებს მეწარმეებისთვის.
ამჯერად, შეხვედრა დაეთმო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ თემას – როგორ ვაქციოთ იდეა მოთხოვნად და გაყიდვად პროდუქტად. ვებინარს უძღვებოდა „კრისტალის“ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ჯანელიძე.
მონაწილეებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია პროდუქტის შექმნის მთელი ციკლის შესახებ — იდეის დაგეგმვიდან მის ბაზარზე წარდგენამდე.
მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მომხმარებლის საჭიროებების აღმოჩენა, იდეების ტესტირება და MVP-ის შექმნა (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი). ამასთან, განიხილეს კონკურენტების ანალიზის მეთოდები და მომხმარებლის უკუკავშირის გამოყენება პროდუქტის განვითარებისთვის.
„მეწარმეების წარმატება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. როდესაც ისინი უფრო ძლიერი და წარმატებული ხდებიან, უფრო მეტად იყენებენ ჩვენს ფინანსურ პროდუქტებს, იზრდება მათი ბიზნესები და ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი. ამ მიდგომით, კრისტალი მეწარმეებს ეხმარება მეწარმეებს გაძლიერებაში, ცოდნის, უნარებისა და ინსტრუმენტების მიწოდებით, ხოლო ჩვენი მხრიდან ვქმნით ლოიალურ და სანდო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან გრძელვადიანად თანამშრომლობენ. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა ტრენინგი „იდეიდან გაყიდვამდე“, რაც დაეხმარება მონაწილეებს, სწორად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.
სანამ ბიზნესის დაწყებას გადავწყვეტთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია იდეის წინასწარ ვალიდაცია. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავრწმუნდეთ იდეის სიცოცხლისუნარიანობაში რეალურ ბაზარზე, სანამ მსხვილ ფინანსურ რესურსებს და დროს ჩავდებთ. ძალიან ხშირად, ახალ პროდუქტზე ან სერვისზე მუშაობა იწყება ინტუიციაზე დაყრდნობით, მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გარეშე, რაც ზრდის წარუმატებლობის რისკს. იდეის ვალიდაცია და მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი გვაძლევს საშუალებას ვნახოთ, რეალურად რა სჭირდებათ ადამიანებს, რას ეძებენ და მზად არიან თუ არა გადაიხადონ ჩვენს შეთავაზებაში. ეს პროცესები არა მხოლოდ ზოგავს რესურსს, არამედ ზრდის წარმატების შანსს. ბიზნესს აძლევს საყრდენს, რომ პროდუქტი შეიქმნას რეალურ მოთხოვნაზე დაყრდნობით და არა მხოლოდ წარმოსახვაზე“ - აღნიშნავს კრისტალის ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძვანელი გიორგი ჯანელიძე.
ვებინარი გამორჩეული იყო პრაქტიკული მიდგომით და თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავდა კონკრეტულ მაგალითებსა და ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებასაც მონაწილეები თავიანთ საქმიანობაში შეძლებენ.
მსგავსი ტიპის ვებინარები კიდევ უფრო აძლიერებს მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის.
#შენი შესაძლებლობების ბანკი