თვალისმომჭრელი კერამიკის გულსაბნევები, ორიგინალურად მოხატული ჭურჭელი და დეკორატიული ნივთები ზუბალაშვილების ქუჩაზე სახელოსნო „კრატერში“ იქმნება, რომელიც 2 წლის წინ კერამიკოსმა მერაბ გუგუნაშვილმა და გიორგი ქათამაძემ დააარსეს. Crater Ceramic Design-ი ექსკლუზიურ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც ონლაინ და, ლიმიტირებული რაოდენობით, Why Not gallery-ც იყიდება.

„კრატერის“ სამკაულისა და ჭურჭლის ფასი 50-დან 900 ლარამდეა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მერაბ გუგუნაშვილი ამბობს, თბილისში სახელოსნოების უმრავლესობას ერთი ხაზი, ერთი ვიზუალური სტილი აქვთ, მათ კი სურდათ ისეთი ნამუშევრები შეექმნათ, რომელიც ახლოს იქნებოდა მათ გემოვნებასთან და ხედვასთან და უნიკალური იქნებოდა.
„რომ დავაკვირდეთ თბილისში არსებულ სახელოსნოებს, რომლებიც აღარ არის ცოტა, უმეტესად ერთი ხაზი და ერთი ვიზუალური სტილი აქვთ, რომელიც არ მომწონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენს ნამუშევრებს ჰქონოდა ისეთი ვიზუალი, რომელიც ძალიან ახლოს იქნებოდა ჩვენს გემოვნებასთან და ხედვასთანაც. გვინდოდა ცოტა ანტიკური ესთეტიკის თანამედროვე ხასიათის ნამუშევრები შეგვექმნა, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ იდეის მოფიქრებიდან დაწყებული მის განვითარებამდე. ამ ნამუშევრებს არ აქვს ანალოგები, ვერ ნახავთ რამე მსგავს თუნდაც ინტერნეტში, რითაც ქართული ბაზარი საზრდოობს,“ - აცხადებს მერაბ გუგუნაშვილი.

„კრატერის“ სახელოსნოს ნამუშევრების რეალიზება ონლაინ ხდება, ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია ზუბალაშვილების ქუჩაზე Crater Ceramic Design-ის სახელოსნოში სტუმრობა. რაც შეეხება ფასებს, გულსაბნევები 50-დან 70 ლარამდე ღირს, კერამიკული ჭურჭელი და სხვა დეკორატიული ნივთები - 400-დან 900 ლარამდე. როგორც მერაბ გუგუნაშვილი ამბობს, სახელოსნოში ბევრი ნამუშევარია და ყველას განსხვავებული ფასი აქვს, რადგან ინდივიდუალური მიდგომითაა გაკეთებული.
სახელოსნოში ნამუშევრების დასამზადებლად იყენებენ ადგილობრივ ქართულ და იმპორტულ - გერმანულ და თურქულ თიხას. სამომავლო „კრატერი“ ფიზიკური სივრცის გაკეთება გეგმავს. მერაბ გუგუნაშვილის თქმით, Crater Ceramic Design-ის შოურუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, სადაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ადგილზე ნახოს ნამუშევრები და დაინტერესების შემთხვევაში შეიძინონ.