Crystal Hotel & SPA გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთი კოტეჯიდან რუსეთის დროშის გადმოფენასთან დაკავშირებით დეტალებს განმარტავს.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კოტეჯი მათი საკუთრება არაა. მოსასვენებელი დაწესებულების მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ მეპატრონე რუსეთის მოქალაქე არაა და კოტეჯს ქართველი მესაკუთრე ჰყავს.

სასტუმროს ხელმძრვანელობა ამტკიცებს, რომ კოტეჯის მეპატრონემ საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა რუსეთის დროშა და, მიუხედავად მათი თხოვნისა, კატეგორიულ უარზეა, ჩამოხსნას ის.

"გვსურს განვმარტოთ ბაკურიანში, კოტეჯ 16/1-ზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშის გარშემო შექმნილი ვითარება.

აღნიშნული კოტეჯი არ წარმოადგენს Crystal Hotel & SPA-ს ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. მას ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, ის კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე.

ამავე პერიოდში კრისტალის საკურორტო ზონა მასპინძლობს EYOF Bakuriani 2025-ს, რომლის ფარგლებში საკურორტო სივრცეში განთავსებულია 45 მონაწილე ქვეყნის დროშა. რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფესტივალში არ მონაწილეობს, შესაბამისად, მისი დროშა ფესტივალის ფარგლებში არ გამოუყენებიათ.

ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კრისტალ ჯგუფის რეპუტაციაზე.

ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული მცდელობა იყოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის.

კრისტალ ჯგუფი მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში არასწორ აღქმას იწვევს, და ვრჩებით ერთგულნი ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების",- წერია განცხადებაში.