Bolt-ის აზერბაიჯანულ წარმომადგენლობაში კორუფციული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ავტოპარკების მფლობელებმა და მძღოლებმა საჩივრები პირდაპირ ესტონეთში, კომპანიის სათავო ოფისში გაგზავნეს. ისინი იტყობინებოდნენ სისტემური მექრთამეობის, შერჩევითი მიდგომისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ.

მიმართვების საფუძველზე, Bolt-მა ბაქოს ოფისში ფინანსური და მმართველობითი პროცესების შიდა აუდიტი ჩაატარა. შემოწმება ოფისის ხელმძღვანელის, ნაიმ აზიზოვის და კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლებით დასრულდა.

ხელოვნურად შექმნილი პრობლემების სისტემა

შიდა შემოწმებამ გამოავლინა, როგორც ჩანს, კარგად აწყობილი სქემა: მძღოლებს პლატფორმაზე სხვადასხვა საბაბით ბლოკავდნენ. როდესაც ისინი განმარტებისთვის ადგილობრივ ოფისს მიმართავდნენ, მათი მოთხოვნები იგნორირდებოდა, თუმცა მალევე ჩნდებოდა შუამავალი, რომელიც „საკითხის მოგვარებას“ 200–300 აზერბაიჯანული მანათის სანაცვლოდ სთავაზობდა. გადახდის შემდეგ ბლოკი დაუყოვნებლივ იხსნებოდა.

ანალოგიური სქემა გამოვლინდა დოკუმენტების განახლების პროცესშიც. ავტოპარკების მფლობელები აცხადებდნენ, რომ მათ დოკუმენტებს განზრახ აყოვნებდნენ გამოგონილი შეცდომების საფუძველზე, რომლებიც რამდენიმე ათასი მანათის ოდენობის ქრთამის გადახდის შემდეგ უკვალოდ ქრებოდა.

სავარაუდო კორუფცია შეეხო Bolt-ის სარეკლამო პროგრამასაც. მძღოლებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებზე ბრენდირებულ რეკლამას ათავსებენ, ბონუსების მიღების უფლება აქვთ, თუმცა, მომჩივანთა თქმით, სისტემა განზრახ იყო დამახინჯებული. ოფისი აცხადებდა სარეკლამო კამპანიის შეჩერების შესახებ, თუმცა იმ ავტოპარკების მძღოლები, რომლებმაც 500 მანათი გადაიხადეს, სარეკლამო ბონუსებს სრული მოცულობით იღებდნენ. იმ ფილიალებში, სადაც სარეკლამო სტიკერები ოფიციალურად აკრძალული იყო, ცალკეულ პირებს, იმავე 500 მანათის სანაცვლოდ, აკრძალვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ.

შერჩევითი წვდომა და აუხსნელი ბლოკირებები

ერთ-ერთი ავტოპარკის მფლობელმა აღწერა დისკრიმინაციული მიდგომის სისტემა: „საჭირო ადამიანების“ ავტომობილები პლატფორმაზე უპრობლემოდ ემატებოდა მაშინ, როცა მისი პარკი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიბლოკა — მიუხედავად ათიათასობით მანათის დადებითი ბალანსისა და მძღოლებისთვის გადახდების უნაკლო ისტორიისა. მის მიმართვებს Bolt-ი შაბლონური პასუხებით ხვდებოდა.

არსებული მონაცემებით, ყველაზე მომგებიან კატეგორიებზე, მათ შორის, აეროპორტის შეკვეთებსა და ზოგიერთ შიდასაქალაქო სერვისზე წვდომა, ასევე, შეზღუდული იყო და მხოლოდ რჩეულ ავტოპარკებს ეძლეოდათ.

კიდევ ერთი პრეტენზია ეხებოდა სელფი-ვერიფიკაციის სისტემას. მძღოლები ავტომატურად იბლოკებოდნენ, თუ ისინი შემოწმებას სხვა მოწყობილობიდან გადიოდნენ ან თუ ტელეფონის კამერა გაუმართავი იყო — იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტექნიკური მონაცემები (IP-მისამართი, გეოლოკაცია) მძღოლის ვინაობას ადასტურებდა. ადგილობრივი ოფისები ასეთი შემთხვევების გადახედვაზე უარს ამბობდნენ.

ზეწოლა მომჩივანზე

როდესაც ინფორმაცია საჩივრების შესახებ საჯარო გახდა, ვითარებამ შემაშფოთებელი სახე მიიღო. იმ მძღოლებსა და ავტოპარკების მფლობელებს, რომლებმაც საჩივარი შეიტანეს, ოფისიდან დაურეკეს და მიმართვების უკან წაღება მოსთხოვეს. თავდაპირველად სათავო ოფისისთვის მიმართვის ინიციატივას ათობით ადამიანი უჭერდა მხარს, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ პოზიცია შეიცვალა — რაც, მომჩივანთა თქმით, მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ეჭვებს მხოლოდ აძლიერებს.

ერთ-ერთი ავტოპარკის მესვეურმა განაცხადა, რომ ფლობს ვიდეო და აუდიოჩანაწერებს, ასევე ქვითრებს, რომლებიც, სარეკლამო სქემის ფარგლებში, ფულადი სახსრების შეგროვებასა და განაწილებას ადასტურებს. მისი თქმით, იგი მზად არის, პირადად წარადგინოს ყველა მტკიცებულება ნებისმიერ დონეზე, მათ შორის, Bolt-ის ესტონეთის ოფისში.

Bolt-ი ადასტურებს საკადრო ცვლილებებს

ოფიციალურ განცხადებაში Bolt-ის აზერბაიჯანის ოფისმა დაადასტურა ხელმძღვანელობის შეცვლა და ეს ფაქტი კომპანიის „კორპორაციული კომპლაენსის“ (წესების, სტანდარტებისა და კანონების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც სავალდებულოა კომპანიისთვის, რათა მისი საქმიანობა იყოს ლეგალური, ეთიკური და გამჭვირვალე) პოლიტიკის კონტექსტში ჩასვა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ აზერბაიჯანში Bolt-ის „რაიდ-ჰეილინგის“ (მგზავრთა გადაყვანის მოდელი, რომლის დროსაც მგზავრები მგზავრობას ციფრული პლატფორმების საშუალებით უკვეთავენ) მიმართულების ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ჩვენს ოპერაციებს გადაყვანების სფეროში და ბიზნესის სხვა მიმართულებებს“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Bolt-მა განაცხადა, რომ „ნებისმიერ შეტყობინებას დარღვევების შესახებ უდიდესი სერიოზულობით ეკიდება“ და იცავს „ნულოვან ტოლერანტობას შიდა პოლიტიკის, ეთიკური სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის მიმართ“.

კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგულარულად ატარებს საოპერაციო და ფინანსური პროცესების შეფასებას ყველა ბაზარზე და პლატფორმის ყველა პარტნიორისგან ელის „კომპლაენსის“, კეთილსინდისიერებისა და კანონიერების სტანდარტების დაცვას.

კომპანიამ, ასევე, მოუწოდა მძღოლებსა და პარტნიორი ავტოპარკების მფლობელებს, პრობლემების შესახებ ოფიციალური არხების მეშვეობით შეატყობინონ და დაადასტურა მზადყოფნა, აზერბაიჯანში იმუშაოს „სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და კანონმდებლობის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“.

გამოცდა კორპორაციული მართვისთვის

ეს სკანდალი სერიოზული რეპუტაციული გამოწვევაა Bolt-ისთვის — ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური პლატფორმისთვის — და ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა მმართველობითმა სტრუქტურებმა გადაუხვიონ კორპორაციულ სტანდარტებს იმ ბაზრებზე, სადაც კონტროლი შედარებით სუსტია.

წყარო: kvira.ge