საკონსერვო კომპანია „კულას“ საექსპორტო ქვეყნებს ალბანეთი, მოლდოვა და ბულგარეთი დაემატა. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანიას 30-მდე ქვეყანაში გააქვს პროდუქცია და დაინტერესება ყველა ქვეყნიდან თითქმის თანაბარია.

 


„რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინა ამერიკის და ევროპის ბაზარს საკონსერვო პროდუქციას ვეღარ აწვდის, რის გამოც „კულას“ პროდუქციაზე მოთხოვნა გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ  ექსპორტი გაორმაგდა. საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა იზრდება და ბოლო პერიოდში 3 ქვეყანა დაემატა“, — ამბობს ვანო გოგლიძე.

 


კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ფასების გადახედვა არ იგეგმება, თუმცა ივნისში, როდესაც უკვე ხილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაირკვევა, შესაძლებელია ფასების დაკორექტირება საჭირო გახდეს. 

 

სიახლეებზე საუბრისას ვანო გოგოლაძე ამბობს, რომ „კულა“ ტყლაპის წარმოების განახლებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს. მისი თქმით, „კულას“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა, რის გამოც აქამდე ვეღარ მოხერხდა ტყლაპის წარმოებაზე აქცენტის გაკეთება.

 


კომპანია „კულა“ 2009 წლიდან არსებობს და ამჟამად აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია 30-მდე ქვეყანაში გააქვს.