სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიის ხელმძღვანელის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამებით მცირე და საშუალო მწარმოებლების მხარდაჭერა გააძლიეროს, რათა მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება მიეცეთ.
როგორც ბერეკაშვილმა კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე განმარტა, კომისიის რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმას, რომ მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის რიგი კომერციული ხარჯები შემცირდეს ან გაუქმდეს, რათა ქსელში თავიანთი პროდუქტის განთავსება უფრო ადვილად შეძლონ.
ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, ძირითადი პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში მდგომარეობს.
„ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებებში, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი იმისა, რომ სტრუქტურის სწორად გადაწყობა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება მოხდეს, რაც ფასწარმოქმნის ჯაჭვს უფრო ეფექტურს გახდის და მომხმარებელი მნიშვნელოვნად უკეთესს ფასს მიიღებს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა კომისიის დასკვნით სხდომაზე.