„კარგია, რომ საქართველოდან ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა მოიხსნა, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს დღესდღეობით არაფრის მომცემია“ - ამის  შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა..

ბენიაიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ იმუშავებს, თუმცა დღეს, როდესაც ახალი მოსავლის აღებამდე სულ რაღაც  ორი თვეა დარჩენილი, სექტორს არაფერს მოუტანს

 

„სამომავლოდ იმუშავებს, კარგია რომ მოიხსნა, ჩვენ ფერმერები ამას მივესალმებით,  მაშინაც რომ არ  შეეზღუდათ,  ამ რაოდენობის  მარცვალი ქვეყანაში არ დარჩებოდა. ირანიდან ჩამოსული იყო მანქანები და მიჰქონდათ, თუმცა  ამ აკრძალვის გამო ვერ  წაიღეს, მოთხოვნა იყო ერაყიდანაც. ამ აკრძალვის მოხსნა ასე სწრაფად ვერ აისახება და ამ რაოდენობას ვერც გავყიდით. თან ის შეთავაზება, რაც ხორბლის ექსპორტზეა, თვითღირებულებასთანაც ვერ მიდის ახლოს. ეს თანხა არის 55 თეთრი, რასაც ადგილობრივი წისქვილიც გვთავაზობს, რომ კონკურენცია გაუწიონ იმ ფქვილს, რომელიც შემოედინება.

 

შარშან გასაყიდი ფასი 1 ლარი და 15 თეთრი  იყო და  ახლა  55 თეთრი  დაქცევაა,  ყველაფერი ჩამოიშლება“ -  აღნიშნა  ნიკოლოზ  ბენიაიძემ.

 

ბენიაიძის განმარტებით სექტორის  მთავარ  მოთხოვნად ხორბლის  ფასის  სახელმწიფოს  მიერ  დასუბსიდირება, ან ფქვილზე საპირწონე გადასხდის დაწესება რჩება.

 

„სექტორის  ძირითადი მოთხოვნაა,  რომ ან დაუწესდეს საპირწონე გადასახადი ფქვილს, რა  რაოდენობის გადასახადიც,  დამატებითი მცურავი ბაჟიც აქვს  ხორბალს. თუ  სახელმწიფო ამაში პურის  გაძვირების  რისკებს ხედავს, 20-25 თეთრით  დაგვისუბსიდიროს.

 

რაც  შეეხება პურის გაძვირების  საკითხს,  პური ვერ გაძვირდება,  რადგან ქვეყანაში  3-4 თვის ფქვილის  მარაგია, გარდა ამისა 30 000 ტონაზე მეტი შარშანდელი ხორბალია, რომელიც გაუყიდავია და  ორ თვეში ახალი მოსავლის აღება იწყება,  ქვეყანაში  6 თვეზე  მეტის  მარაგები გვაქვს,“ -  აღნიშნა  ნიკოლოზ  ბენიაიძემ.

 


თაკო კვაჭანტირაძე