„ხის სახლებზე მოთხოვნა მზარდია, თუ 2016 წელს ხის სახლების მიმართ კრიტიკა და ნაკლები დაინტერესება იყო, დღეს ეს მაჩვენებელი შეცვლილია“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „დიდოსტატის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თინათინ სამყურაშვილმა უთხრა. მისი თქმით მაშინ, როდესაც კომპანია შეიქმნა ხის სახლებით ძირითადად უცხოელი მომხმარებელი ინტერესდებოდა, თუმცა დღეს მოთხოვნა ქართველ მომხმარებლებშიც მაღალია.
„ბაზარზე 2016 წელს გამოვჩნდით, კომპანიის დაფუძნების იდეა ჩემი მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე გამიჩნდა, აშშ-ში დაახლოებით რვა წელი სამშენებლო კომპანიაში ხის სახლების მიმართულებით მუშაობდა, მაშინ საქართველოში ბაზარი ძირითადად მრავალბინიანი სახლებით იყო გაჯერებული, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა განსაკუთრებული კომპანია, რომელიც თვის ნიშას იპოვიდა და თავს დაიმკვიდრებდა.
მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში დაკვეთების სტილი შეიცვალა, პანდემიამდე მოთხოვნა მრავალსართულიან და მრავალნომრიან ხის სასტუმროებზე იყო, პანდემიის დროს აქტუალური გახდა სააგარაკე სახლები და პანდემიის დასრულების შემდეგ სააგარაკე სახლები ისევ მოთხოვნადი რჩება, მაგრამ მრავალნომრიანი სასტუმროები უფრო ერთოთახიანმა, ოროთახიანმა და 2-4-6 ადამიანზე გათვლილმა კოტეჯებმა ჩაანაცვლა,“ - აღნიშნა თინათინ სამყურაშვილმა.
რაც შეეხება ხის მასალას, თინათინ სამყურაშვილი აღნიშნავს, რომ მასალის შემოტანა რუსეთიდან უწევთ, რადგან ალტერნატიული ბაზრის შერჩევა მასალის ხარისხიდან და ფასიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
„მასალად გამოიყენება ადგილობრივიც და იმპორტირებულიც, მაგრამ ძირითადად გამოიყენება იმპორტირებული, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ხის შემოტანა რუსეთიდან გვიწევს, რადგან ალტერნატული ბაზრის მოძიება ისე, რომ ფასი მკვეთრად არ გაიზარდოს, ვერ ხერხდება, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობთ. რუსეთ-უკრაინის ომის დროს გაიზარდა ნედლეულის ფასი, ასევე გაძვირდა ლოგისტიკაც, თუმცა ბოლო 7-8 თვეა ფასები სტაბილურობისკენ მიდის და ჩვენი სახლების ფასიც სტაბილურდება“ - აღნიშნა თინათინ სამყურაშვილმა.
ხის სახლის მშენებლობა საშუალოდ 1200-1300 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა როგორც თინათინ სამყურაშვილი განმარტავს, ეს ადგილმდებარეობაზე, პროექტის თავისებურებაზე და ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მოთხოვნას თინათინ სამყურაშვილი აღნიშნავს, რომ მოთხოვნა თითქმის ყველა რეგიონიდანაა, თუმცა ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა თბილისის შემოგარენიდან.
კომპანია „დიდოსტატი“ ორ საწარმოს ავჭალაში და წილკანში ფლობს.