სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ,,კომერსანტი“ ,,ჰუალინგის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ნიკოლოზ გელენიძეს ესაუბრა. პირველი საკითხი რაზეც მას ვკითხეთ, იპოთეკურ სესხებზე დღეს მოქმედი საპროცენტო განაკვეთებია. ნიკოლოზ გელენიძე აცხადებს, რომ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი უნდა დასწიონ, სესხების გაცემის პერიოდი კი გაახანგრძლივონ, ამით უძრავი ქონები გაყიდვები წახალისდება.
,,თუ იპოთეკაზე ვსაუბრობთ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება არსებობს, ესაა პროცენტის დაწევა. ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ორნიშნიან ეკონომიკურ ზრდაში როგორ წარმოგიდგენიათ საპროცენტო განაკვეთი 12, 14, 16 % იყოს. ეს ხომ წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენზე უფრო ბევრად სუსტ ქვეყნებში იგივე ფულის ფასი არის 6-7%, მაქსიმუმ 9%. დასწიონ პროცენტი. საქართველოში 3% არის ხელოვნური ინფლაცია. რატო? იმიტომ, რომ ეკონომიკა წავიდეს წინ. 3%-ის ზევით უკვე ყველაფერი არის მოგება. დავუშვათ ბანკმა 5%-ად იყიდა ფული და სიტყვაზე ვამბობ 7%-ად გაყიდა, რას კარგავს? არც არაფერს. 7%-იანი, 8 და 9%-იანი სესხები დღეს საქართველოსთვის დიდი შვება იქნება და ეკონომიკაშიც ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა.’’- აცხადებს ნიკოლოზ გელენიძე.
,,ჰუალინგის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების დაწევა? მისი განცხადებით, საქართველოში სესხებზე მოქმედი საპროცენტო განაკვეთები დასავლეთის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად დგინდება. ნიკოლოზ გელენიძე ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს კაბალურად ექცევა და ქვეყანას ფულს მაღალ პროცენტში აძლევს.
,,ინგლისში ფულის ბირჟაზე დგინდება თუ რა პროცენტში უნდა გასცენ ფული საქართველოზე. მერე საქართველო გასცემს ამ ფულს სესხის სახით ხალხზე. ჩვენ სამწუხაროდ დასავლეთი ძალიან კაბალურად გვექცევა. ჩვენი ფასი არ ვიცით, ერთი სიტყვით. ჩვენ, რომ ჩვენი ფასი ვიცოდეთ და მოვითხოვოთ ის რაც გვეკუთვნის პროცენტიც დაიწევდა. მექანიკურადაც შეიძლება ამისი დაწევა. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება ამაზე გამოსცეს რეგულაცია, თვითონ ეკონომიკამ, საქართველოს ბიუჯეტმა. წახალისება უნდა იყოს. უნდა დამთავრდეს ქართველი ადამიანის ძარცვა.’’- აცხადებს ნიკოლოზ გელენიძე.
,,ჰუალინგის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ საჭიროა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობა, რადგან დღეს საქართველოს ეკონომიკა დიდწილად სწორედ მასზე დგას. ნიკოლოზ გელენიძე მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთების დაწევა და სასესხო პერიოდის გახანგრძლივება უძრავი ქონების გაყიდვებს წაახალისებს.
,,ჩვენ თუ არ ავაშენეთ ეკონომიკა ძალიან დაგვიზიანდება. წარმოება არ გვაქვს და თავიდან ბოლომდე ვართ ჩამოკიდებული ამაზე. კატასტროფის წინაშე დადგებიან სამშენებლო კომპანიები, თუ მსყიდველობით უნარიანობა მოსახლეობის არ გაიზარდა. პირველი რაც უცებ გაზრდის სესხებზე %-ის დაწევაა. ნახევარზე, რომ დაწიო 2-ჯერ მეტი შესაძლებლობა გექნება ყიდვის. იპოთეკური სესხი 30 წელზე ნაკლები მსოფლიოში არ არის, რადგან ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ მაგალითად 1500 ლარი კი არ გადაიხადო ყოველთვე, არამედ გადაიხადო 300 და 400 ლარი და ადამიანს თავისთვისაც დარჩეს ფული, რომ ცოტა გაიხაროს, დაისვენოს და ჩაიცვას. ხელფასით ერთი ქონების მაგივრად სამ ქონებას შექმნით ასეთი პროცენტით და ასეთი პერიოდით. ეს ბანკმა არ უნდა გააკეთოს? ბანკს ვინ უნდა უთხრას? ეროვნულმა ბანკმა. ეროვნულ ბანკს ვინ უნდა უთხრას? მთავრობამ უნდა უთხრას. მთავრობას ვინ უნდა უთხრას? ხალხმა უნდა უთხრას.’’- აცხადებს ნიკოლო გელენიძე.