მიხეილ ლომთაძის ფინტექკომპანია Kaspi.kz-ის წმინდა მოგება 2024 წელს 25%-ით გაიზარდა და 1,1 ტრილიონ ტენგე (2 მილიარდი დოლარი) შეადგინა, განაცხადა კომპანიამ.

Kaspi.kz-ის შემოსავალი კი გასულ წელს 32%-ით 2,5 ტრილიონ ტენგემდე გაიზარდა.

პრეზენტაციაზე კომპანიამ ასევე განმარტა, რომ წელს წმინდა მოგების 20%-იან ზრდას ელის.

ცნობისთვის, Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები არიან: მიხეილ ლომთაძე (22.6%), ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.68%). Kaspi.kz ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო ბანკის, Kaspi Bank-ის მფლობელია. მიმდინარე წელს თურქულმა წამყვანმა მარკეტპლეის Hepsiburada-მ, რომლის 65,41%-იანი წილიც Kaspi.kz-მა იანვარში შეიძინა, მიხეილ ლომთაძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია. Hepsiburada-ს 9-კაციან გამგეობაში Kaspi.kz-დან კიდევ ორი ქართველი, თენგიზ მოსიძე და სანდრო ბერძენიშვილი შევიდნენ. მოსიძე Kaspi.kz-ში ფინანსებზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ბერძენიშვილი Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელია.