„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსმა“ 2022 წელს 106 მილიონი ლარის ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მაშინ როდესაც 2021 წელს კომპანიის მოგება 60 მილიონი ლარი იყო.

თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმებელ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსს“ ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვით 2022 წელს კომპანიის შემოსავალი თითქმის 10%-ით, 178.5 მლნ ლარიდან 195.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მათ შორის 171 მილიონი ლარი წყალმომარაგების სისტემის შემოსავალს, ხოლო 23.3 მილიონი ელექტროენერგიის რეალიზაციის შემოსავალს წარმოადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ყველაზე მსხვილი ხარჯი თანამშრომელთა ხელფასები იყო, რაზედაც 17.6 მილიონი ლარი გაიცა, ხოლო ადმინისტრაციის ანაზღაურება 3.7 მილიონი ლარი იყო.

მეორე ადგილზეა ელექტროენერგიის და გადაცემის ხარჯები, რაზეც GWP-იმ 14.8 მილიონი დახარჯა, მესამეზე კი 14.2 მილიონით ჩამდინარე წყლების დასუფთავების ხარჯებია.

2022 წლამდე GWP-ის მფლობელი საქართველოს კაპიტალის ჯგუფში შემავალი კომპანია GGU იყო, 2023 წელს კი GGU-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი ესპანური კორპორაცია Aqualia გახდა. გარიგების ღირებულება $180 მილიონი დოლარი იყო. 

„მაკონტროლებელი აქციონერის შეცვლამ განაპირობა კომპანიის დაკავშირებული მხარეების შემადგენლობის ცვლილება. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და 2022 წლის 3 თებერვლიდან პერიოდისთვის, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მშობელი საწარმო არის Aqualia FCC. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ამავე თარიღით დასრულებული წლისთვის და 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 3 თებერვლამდე პერიოდისთვის, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მშობელი საწარმო იყო საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალი“. 2022 წლის 31 დეკემბრისა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის უშუალო მშობელი საწარმო იყო სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ,”- ნათქვამია გარიგების შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.