2025 წელს ახალი სამშენებლო პროექტებისა და უძრავი ქონების გაყიდვის მხრივ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიდი დიღომი აღმოჩნდა, 2026 წელს კი უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ისნის რაიონი აქტიურდება.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში უძრავი ქონების კომპანია „საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ განმარტა, ისანში სამშენებლო პროექტებს ბევრი ახალი და უკვე ცნობილი დეველოპერი ახორციელებს.

„როგორც წინა წლიდან დავინახეთ, დიდ დიღომში ძალიან კარგი აქტიურობაა ახალი პროექტების მიმართულებით და ასევე, შეძენილი ბინების რაოდენობით, თუმცა 2026 წელს რასაც ვხედავთ, ძალიან ვითარდება ისნის რაიონი, ბევრი ახალი და ასევე, უკვე ცნობილი დეველოპერი აშენებს პროექტებს და ჩემი აზრით, რამდენიმე წელიწადში ვნახავთ ისნის განვითარებას როგორც პრემიუმ უძრავი ქონების მიმართულებით, რაც მანამდე არ იყო, ასევე, ზოგადად, მოთხოვნის მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.