1 წლის წინ ბაზარზე ახალი სამაგიდო თამაშის - „ინტერვიუს“ ბარათების პირველი დასტა გამოჩნდა, პოპულარობა მოიპოვა და მისი ინგლისური ვერსია მომზადდა. „ინტერვიუს“ ბარათებმა უფროს თაობას შეიძლება ბანქოს სალონური თამაში „ფლირტი“ გაახსენოს, თუმცა, როგორც ამ ბარათების ავტორი სოფო სუდაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, „ინტერვიუ“ არც ფორმატით, არც შინაარსით არ ჰგავს „ფლირტს“, პოპულარობით კი იმედია გაუსწრებს და მას უფრო შეიყვარებენ ადამიანები. „ინტერვიუს“ ბარათები ონლაინ და თბილისის რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, მისი ფასი 43 ლარია.
„ინტერვიუს“ ბარათების, ახალი პროექტებისა და გეგმების შესახებ „კომერსანტი“„ინტერვიუს“ ბარათების ავტორ სოფო სუდაძეს ესაუბრა.
რას წარმოადგენს „ინტერვიუს“ ბარათები, როდის და საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
„ინტერვიუს“ ბარათები ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიდა ბაზარზე და დიდი დაინტერესება მოჰყვა. ეს ბარათები არის თვითშემეცნებისთვის, მასზე წერია შეკითხვები, რომლებიც ადამიანს ეხმარება იმაში, რომ თავიდან დაფიქრდეს საკუთარ თავზე. მისი საშუალებით უკეთ ეცნობიან ადამიანები ერთმანეთს და თან უფრო სიღრმისეულად. დამეთანხმებით, რომ დღეს ურთიერთობებში გახსნის და ღიაობის დეფიციტია, რატომღაც ყველა იმალება თავისი ნამდვილი ავთენტიკური ბუნების წინაშე. ბარათები კი ამის საშუალებას არ გაძლევს, რომ მოიტყუო, რადგან ის მაინც ჩაგიყვანს სიღრმეში.
ამ თამაშს წესები არ აქვს. თითო ტომარაში 52 ბარათია და სრულიად თავისუფალია ინტერპრეტაციისთვის. პრინციპი კითხვებზე პასუხების გაცემაა. თამაში სასაუბრო და მოსასმენ გარემოს ქმნის. ამიტომ, რა თანმიმდევრობით და ინტენსივობით მოხდება ბარათების ამოღება, მნიშვნელობა არ აქვს.
რა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი თამაში?
„ინტერვიუს“ ბარათებით თამაში შეუძლია ყველას 11 წლიდან ზევით, მას შემდეგ, როცა ადამიანი აბსტრაქტულ აზროვნებას იწყებს. „ჩვენი ბარათებით წარმატებით სარგებლობენ პედაგოგები ბავშვებთან ურთიერთობისას, ასევე ფსიქოლოგები, ქოუჩები, ტრენერები და ძალიან კარგია, ასევე, სამეგობრო წრეში სათამაშოდ.

სად იყიდება და რა ღირს ბარათები?
ბარათები იყიდება ონლაინ, გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურება. ბარათები ასევე იყიდება მაღაზიაში „სიესტა“ და ახალი დასტა სავარაუდოდ გაიყიდება იოგის ცენტრ „ლუმოსში“. ფასს რაც შეეხება, 48 ლარი ღირდა, ახლა ფასდაკლებით 43 ლარი ღირს და ამიერიდან ასე იქნება.
„ინტერვიუს“ რამდენიმე პროდუქტი არსებობს, გააცანით ისინი მკითხველს.
„მზე და მზეებს“ რაც შეეხება, ეს არის მრგვალი გოზინაყები, მზის ინსპირაცია. „ინტერვიუს“, როგორც ბრენდის და პროექტის კონცეფციაა „ყველა ადამიანშია მზე“, „ინტერვიუს“ ლოგოც მზის ფორმისაა და ამიტომ, ეს მრგვალი გოზინაყები სიმბოლური ნუგბარია ინტერვიუსგან, რომ მას გემოც გავუგოთ.
ძალიან მალე უკვე გვექნება ახალი დასტა - „ინტერვიუ წყვილისთვის“ და ურთიერთობებისთვის, რომლის ყველა კითხვა ემსახურება ადამიანის დახმარებას და თვითგამორკვევას.
სამომავლოდ ახალ პროექტებს ხომ არ ამზადებთ, რა გეგმები გაქვთ?
სამომავლო გეგმები ბევრია და სხვადასხვა ფორმატის და ასაკობრივი ჯგუფისთვის ახალი ბარათების შექმნას უკავშირდება. ძალიან მალე, დიდი ტირაჟით იბეჭდება „ინტერვიუს“ ბარათების წყვილისთვის და სულ რამდენიმე დღეში ჩაეშვება ბაზარზე.
ამას გარდა, ინგლისურ ენაზე უკვე გვაქვს ნათარგმნი პირველი დასტა და ვფიქრობთ, „ინტერვიუს“ ბარათების საზღვარგარეთ, უცხოურ ბაზარზე გატანას, მაგრამ ამას გარკვეული რესურსები სჭირდება. ვიცი, რომ ყველაფერი დროულად ხდება და ძალიან მშვიდად ვარ ჩემს გეგმებთან დაკავშირებით