„ქართული საგამომცემლო სექტორი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა გვანცა ჯობავამ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულად მათი გამომცემლობები ცდილობენ, ისეთი ლიტერატურა შესთავაზონ მკითხველს, რომელიც რეალობასთან მიმართებაში აქტუალურია. სწორედ ამ ფაქტორით ხსნის 2 წამყვანი ქართული გამომცემლობის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი იმას, რომ ბოლო პერიოდში „ინტელექტი“ და „არტანუჯიც“ საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე გამომცემლობების ხუთეულშია. ამას გარდა, წელს ლიტერატურულ ფესტივალ „საბაზე“ „ინტელექტის“ 5 წიგნი დააჯილდოვეს და როგორც გვანცა ჯობავა ამბობს, წინა წლებშიც „მსუყე მოსავალი“ ჰქონდათ.
„ეს ყველაფერი წარმატებული სარედაქციო პოლიტიკის შედეგია, როგორც ქართველი ავტორების, ისე ლიტერატურული სერიების შემთხვევაში. წინა წლების „საბაზეც“ მსუყე მოსავალი გვქონდა. რაც მიანიშნებს იმას, რომ წლების განმავლობაში ყურადღებით ვმუშაობთ და მაღალი ხარისხის და მნიშვნელოვან ლიტერატურას გამოვცემთ და მუდმივად ვცდილობთ, ზრდა გვქონდეს. პანდემიის დროს ციფრები ნაკლები იყო, მერე ვეცადეთ, რომ ჩვეულ რეჟიმს დავბრუნებოდით. წლის განმავლობაში დაახლოებით 250 ახალი წიგნს გამოვცემთ, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ციფრია“, - აცხადებს გვანცა ჯობავა.
საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის I კვარტალის მონაცემებით, ტოპ 5 გამომცემლობა ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
შპს გამომცემლობა ინტელექტი
შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
შპს გამომცემლობა არტანუჯი
შპს გამომცემლობა პალიტრა L
შპს მედია კვირის პალიტრა
შპს გამომცემლობა ინტელექტი დაფუძნდა 2000 წელს. დირექტორი - კახმეგი კუდავა. წილები შემდეგნაირად ნაწილდება ბუბა კუდავა - 20% კახმეგი კუდავა - 51% მაია კუდავა - 29%., რაც შეეხება შპს გამომცემლობა არტანუჯს, კომპანია 2000 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორი მაია კუდავაა. 100%-ის მფლობელი კი - ბუბა კუდავა.