თურქეთის მიერ მარცვლეულის იმპორტზე 130%-იანი გადასახადის დაწესებას და შეზღუდვას, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ  უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთის იმპორტთან დაკავშირებით შემოიღო, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის მაგალითი, თუ როგორ მოქმედებენ ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და მაგალითის გაზიარებას საქართველოს მთავრობასაც ურჩევს.

"ეს ნაბიჯები, რაც ახლა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით გადადგეს, უფრო თავდაცვისკენაა მიმართული. მთავრობები იცავენ საკუთარ ფერმერებს და ადგილობრივ პროდუქციას, მაშინ როცა მოსავლის აღებამდე ცოტა დროა დარჩენილი.

ქვეყნები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცვლიან ეკონომიკურ პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, პოლონეთის და სხვა ევროპული ქვეყნების განცხადება იყო ასეთი, რომ უკრაინას ეხმარებიან ყველა რესურსით, მათ შორის იარაღითაც, ასევე პოლიტიკურად მათგან სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ადგილობრივი წარმოების ინტერესი მათთვის უპირატესია და აქ შეუვალი არიან. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ერთი მეორეს საერთოდ არ გამორიცხავს.

იგივეს აკეთებს ახლა თურქეთი, ისევ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისთვის. თურქეთი 130%-იან საბაჟო გადასახადს აწესებს პროდუქციაზე, რომელიც შიგნით რჩება, მაგრამ თუ ის ექსპორტზე გავა უკვე გადამუშავებულზე, ანუ ფქვილზე კვლავ ანულებს ბაჟს. ამით, ის ახალისებს ექსპორტს. ყველა ქვეყანა ფიქრობს თავისი წარმოების განვითარებაზე, მით უფრო გლობალური გამოწვევებისა და ომის ფონზე. ფაქტობრივად, ეს არის, რასაც ითხოვს მემარცვლეთა ასოციაცია და ეს არის, რასაც ვითხოვთ ჩვენ - რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები და ა.შ. ახლა დადგა ევროპის მაგალითი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა ვალდებულებების მიუხედავად შეცვალეს გადაწყვეტილებები და ამას დაეთანხმა ევროკომისია. ჩვენის მხრივ, მოწოდებაა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ იმუშაონ, მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ამას აკეთებს ევროკავშირის ქვეყნები, ან თურქეთი“, -  განაცხადა ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.