„გვაქვს განუვითარებელი საკურორტო ზონები, როგორიც არის მაგალითად, ბახმარო. იმედი მაქვს, ბახმაროს მაინც შევინარჩუნებთ და არ დაემართება ის, რაც გოდერძის დაემართა. ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ კურორტზე არასწორი ჩარევები მოხდა, ვგულისხმობ, განაშენიანების კუთხით, გოდერძიზე რაც მივიღეთ. მაგალითად, კორპუსების მშენებლობა ძალიან ცუდია და დაამახინჯა იქაურობა“,- ამის შესახებ „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვატო ასათაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პლიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ცნობისთვის, მთავრობა კურორტების განვითარების მასშტაბურ, 5-წლიან სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომელზეც ბიუჯეტიდან 1 მლრდ ლარი დაიხარჯება.

„საქართველოში აბსოლუტურად ყველა კურორტს პრობლემა აქვს. ეს არის მდგრადი განვითარების გეგმების არარსებობა. პირველი - განაშენიანება, მეორე - კეთილმოწყობა, მესამე - ინფრასტრუქტურული განვითარება. ამის გეგმა არ არსებობს და ამორფულად ვითარდება ყველა კურორტი. ასევე, გვაქვს განუვითარებელი საკურორტო ზონები, როგორიც არის მაგალითად, ბახმარო. იმედი მაქვს, ბახმაროს მაინც შევინარჩუნებთ და არ დაემართება ის, რაც გოდერძის დაემართა. ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ კურორტში არასწორი ჩარევები მოხდა, ვგულისხმობ, განაშენიანების კუთხით, გოდერძიზე რაც მივიღეთ. მაგალითად, კორპუსების მშენებლობა ძალიან ცუდია და დაამახინჯა იქაურობა. პირველადი განვითარების გეგმა აბსოლუტურად სხვანაირი იყო და შედეგად მივიღეთ სხვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბახმაროში ანალოგიური არ მოხდება. და, სავარაუდოდ არ მოხდება, იმიტომ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს მთავრობა როგორც მუშაობს ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან, წლები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ ფიზიკურად არ აქვს ამ მთავრობას იმდენი დრო, რომ ეს ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოს.

დღესდღეობით ყველაფერი აბსტრაქტულია და პირველი შედეგი, რასაც ველოდებით, ეს იქნება წყალტუბოში 200 მლნ-მდე ლარის დახარჯვის გეგმა და მეორე, რაღაც კურორტებს ალბათ, სელექციურად აირჩევენ და მათთვის განვითარების გეგმა დაიდება.

ყველაზე კარგი, რაც დღეს მთავრობას შეუძლია, რომ ბახმაროში გააკეთოს, ეს იქნება სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს და ამაში ჩართოს გამოცდილი, საერთაშორისო ორგანიზაციები; მეორე, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, არ ჩაერიოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში დღეს. იმიტომ, რომ დღეს რასაც ვხედავთ გარშემო, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურულად სადაც ერევა, მერე რა შედეგს ვიღებთ, კი იცით... ამიტომ, ჯობია, არ ჩაერიოს ფიზიკურად, წელს და მომდევნო 2 წლის განმავლობაში; მესამე, არავითარ შემთხვევაში ერთიანი განვითარების გეგმის გარეშე არ გასცეს სამშენებლო ნებართვები, იმიტომ, რომ დაამახინჯებს იქაურობას და ფაქტობრივად, გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ. ამის ცოცხალი მაგალითია გუდაური და ბაკურიანი, ორი მოქმედი კურორტი, რომელზეც არაერთი განვითარების გეგმა არის გაკეთებული, მერე ეს გეგმები ყოველთვის გადაიწერებოდა ხოლმე და ძველი გეგმები თაროებზე ინახებოდა, არავინ ამას არ კითხულობდა. შედეგად, მივიღეთ აბსოლუტურად ამორფულად, ქაოსურად განაშენიანებული ორი კურორტი, რომელსაც კომუნიკაციები არ ჰყოფნის, არ ჰყოფნის ძირითადი გზები, არ არის გამტარუნარიანი და ა.შ“,- განაცხადა ვატო ასათაშვილმა.


bpn.ge