საბანკო ასოციაციამ საბანკო სექტორის ხელშეწყობის ინდექსი გაასაჯაროვა, რომელიც საბანკო სექტორის აღქმების კვლევის შედეგებს მოიცავს. კვლევის შედეგებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა, მისი თქმით საზოგადოებაში საბანკო სექტორი აღქმულია ორი სახით: ფიზიკური ბანკი და დისტანციური მომსახურება, კმაყოფილების დონეც ამის მიხედვით განსხვავებულია.
„ყველა მომხმარებელი, რომელიც ონლაინ და ინტერნეტ ბანკის სერვისებს იყენებს, მათ პოზიტიურად აფასებს, ვიდრე ის მომხმარებელი, ვისაც ბანკში ფიზიკურად უწევს მისვლა.
კვლევის ნაწილში მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ისიც, რომ ყოველდღიურად ახალგაზრდავდება მომხმარებელთა ასაკი, რომელიც საბანკო სექტორთან იწყებს ურთიერთობას. შეგრძნება გვქონდა, რომ საბანკო სერვისები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ეს აღარ არის ერთ-ერთი სერვისი, რომელთა მიღებასაც ჩვენ ვცდილობთ, ეს არის სავალდებულო სერვისი, რომელიც ყველა მოქალაქეს აქვს“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ძნელაძის თქმით, მომხმარებელში ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გზავნილების თემამ იმ მომხმარებლებში, რომლებიც ამ გზავნილებს ფიზიკურად იღებენ, კმაყოფილების უფრო მაღალი დონეა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამ სერვისებს დისტანციურად ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მეშვეობით იღებს,
„ციფრული სერვისების მიწოდება მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულია, მათი თქმით, ძირითადი პრობლემა არის რიგები, რომლებიც ციფრული სერვისების განვითარებასთან ერთად უნდა შემცირებულიყო, თუმცა კვლევის პერიოდი პანდემიის შემდეგ პერიოდს დაემთხვა და შესაბამისად მივიღეთ ის, რომ ბანკში ვიზიტების მაჩვენებელი შემცირებული არაა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ამ საკითხთან მიმართებით მსჯელობა სულ იქნება, რადგან ეს არის საფასო სეგმენტი და მუდმივად მომხმარებლის და ბიზნესის ვაჭრობის საგანია, თუმცა ცალსახაა ის, რომ საბანკო სექტორი კონკურენტუნარიანია, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბაზარს ახალი მოთამაშეები ემატება,“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ალექსანდრე ძნელაძე სექტორის მთავარ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ ბანკის მომხმარებლების დიდი ნაწილი ძალიან ახალგაზრდა - 18-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია და ბანკს მოუწევს მათ შეხედულებებს და მოთხოვნებს მოერგოს.
„მეორე საკითხია კიბერ უსაფრთხოება, როგორც კი ვსაუბრობთ დიგიტალიზაციაზე ჩნდება კიბერ უსაფრთხოების თემაც, რომლის მსხვერპლიც მომხმარებელია. ბანკის მომხმარებლების 70% -მა იცის ამის შესახებ.
რაც შეეხება ციფრული სერვისების მიერ ფიზიკურ სერვისების ჩანაცვლებას ვერ ვიტყოდი, რომ ეს მოკლე დროში მოხდება. თუმცა შორეულ პერსპექტივაში ამ მიმართულებით ზრდა იქნება, თუმცა დღევანდელი კვლევები აჩვენებს იმას, რომ საბანკო ფილიალები არასაკმარისია“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.