„უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების ნაწილმა საქართველო დატოვოს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, პარტნიორი კომპანიები უკვე სვამენ კითხვებს მათ სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასაც აღარ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხილვები ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

„პირდაპირ გეტყვით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში რა გამოხმაურება აქვთ ჩემს პარტნიორებს, მე დაახლოებით, 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოვადგენ საქართველოში, ისინი ასეთ შეკითხვას სვამენ - ჩვენ საერთოდ აღარ გჭირდებითო?! იმიტომ, რომ ინვესტიციას არც განიხილავენ. თუ ასე მოხდა, ჩვენ ალბათ, იძულებული ვიქნებით, როგორც რუსეთში მოხდა, ადრე თუ გვიან, რაღაც ბრენდებმა დატოვონ ბაზარი, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სხვა ღირებულებების მატარებლები არიან, ევროპული ღირებულების და აქედან გამომდინარე, დაფინანსებას ჩვენ ვერ წამოვიღებთ.

ზოგადად, ჩვენ არ ვარ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ნავთობი ან გაზი, რომელიც შეძლებს, რომ მაგ ნაწილში თვითკმარი გახდეს. იცით, რომ უარყოფით ბალანსი გვაქვს, იმპორტი 2-ჯერ აჭარბებს ექსპორტს. მე ვერ წარმომიდგენია, რომელი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ფინანსური დახმარების ხელი გამოუწოდოს.

ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რუსულ კანონი არანაირ გამჭვირვალობას არ ემსახურება და გამჭვირვალობაზე თუ არის საუბარი, პირველ რიგში, გამჭვირვალობა მთავრობისგან გვჭირდება, როცა ეს ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. როდესაც შენ სხვას სთხოვ გამჭვირვალობას, მაგალითი შენ თვითონ უნდა მაჩვენო. კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ მიჰყავთ ქვეყანა და კარჩაკეტილი ცხოვრების შემთხვევაში შენ არანაირი პარტნიორი გვერდში დგომას არ აპირებს“,- განაცხადა კახა ხაზარაძემ.

bpn.ge