აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილებისადმი ინტერესი იზრდება, თუმცა ამ ტენდენციით Toyota Prius ჯერჯერობით ვერ სარგებლობს. 2026 წლის პირველ ექვს თვეში ამერიკელმა მომხმარებლებმა მხოლოდ 19 518 Prius შეიძინეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.3%-ით ნაკლებია.

გაყიდვების ასეთი მკვეთრი შემცირება განსაკუთრებით საყურადღებოა საწვავის გაძვირების ფონზე. წესით, მაღალი ფასები მოთხოვნას ეკონომიურ ავტომობილებზე უნდა ზრდიდეს, თუმცა Prius-ის შემთხვევაში საპირისპირო სურათი დაფიქსირდა.

Toyota გაყიდვების გაუმჯობესებას 2027 წლის მოდელით შეეცდება, თუმცა ავტომობილმა მხოლოდ რამდენიმე მცირე ცვლილება მიიღო. მოდელის ფერთა არჩევანს მუქი ნაცრისფერი Inked დაემატა, ხოლო ორზონიანი კლიმატკონტროლი უკვე საბაზისო კომპლექტაციაშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მცირე განახლების მიუხედავად, ავტომობილის ფასი გაიზარდა. ახალი Prius-ის საწყისი ღირებულება 205 დოლარით მოიმატა და ახლა 28 755 დოლარიდან იწყება. ფასის ზრდა LE, XLE, Nightshade და Limited კომპლექტაციებს შეეხო.

ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი დარჩა. წინა წამყვან Prius-ს 2-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომელიც 194 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი შერეულ ციკლში საშუალოდ 100 კილომეტრზე 4.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. სრულამძრავიანი ვერსიის სიმძლავრე 196 ცხენის ძალაა, საშუალო ხარჯი კი 4.4 ლიტრს შეადგენს.

გაძვირდა დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიაც. მისი ფასი ახლა 33 980 დოლარიდან იწყება. ავტომობილს 220-ცხენისძალიანი ჰიბრიდული სისტემა და 13.6 კილოვატსაათიანი ბატარეა აქვს, მხოლოდ ელექტროენერგიით კი დაახლოებით 70 კილომეტრის გავლა შეუძლია. ბატარეის დაცლის შემდეგ ის ჩვეულებრივი ჰიბრიდის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

Prius კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ავტომობილია, თუმცა ბაზარზე მისი უპირატესობა შემცირდა. კონკურენტები მომხმარებლებს სულ უფრო მეტ ჰიბრიდულ მოდელს, განსხვავებულ დიზაინსა და კონკურენტულ ფასებს სთავაზობენ. ამ პირობებში მხოლოდ ახალი ფერი, დამატებული კლიმატკონტროლი და გაზრდილი ფასი Toyota-სთვის გაყიდვების აღსადგენად შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

www.crystalauto.ge