რაჭაში, სოფელ ხოტევში, პირველ ივლისს რესტორანი „კესანე - არ დამივიწყო“ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს ავთენტიკურ ქართულ კერძებს - შქმერულს, ლორუკებითა და ჯონჯოლით მორთულ ლობიანს, ლორუკებიან ხაჭაპურს, ქინძის კაკლების გულსართიან მჭადს, კესანეს პურუკას და სხვა საინტერესო კერძებს სთავაზობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „კესანე - არ დამივიწყოს“ დამფუძნებელი გვანცა ყრუაშვილი ამბობს, სამომავლოდ სურთ, რომ „კესანე - არ დამივიწყო“ ადგილობრივი მეწარმეების ჰაბად აქციონ და ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი. გარდა ამისა, მისი ოჯახი ხოტევში სასტუმროს მიმართულების განვითარებასა და ბიზნესის ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველყოფას გეგმავენ.
„კომერსანტი“ გვანცა ყრუაშვილს „კესანე - არ დამივიწყოს“ პირველ ნაბიჯებზე, კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ რაჭაში რესტორან „კესანე - არ დამივიწყოს“ გახსნა?
გვანცა ყრუაშვილი, „კესანე - არ დამივიწყოს“ დამფუძნებელი: ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ჩემი ოჯახი წარმოშობით რაჭიდან, სოფელ ხოტევიდანაა და ბავშვობიდან მქონდა უდიდესი სიყვარული ამ რეგიონის მიმართ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა რაჭაში სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით. თუმცა, პირველი ნაბიჯების გადადგმა 2020 წლის შემოდგომაზე შევძელით, როცა გადავწყვიტეთ, რომ ის სივრცე, სადაც ზაფხულობით დასასვენებლად ჩავდიოდით ხოლმე, ბიზნესად გვექცია.
პირველ რიგში დავიწყეთ სივრცის გაწმენდა და სარემონტო სამუშაოები, რომელიც რეგიონში რთულია და დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვისაც. თუმცა, 2021 წლის პირველ მარტს, ჩემს დაბადების დღეზე დავარეგისტრირე „კესანე - არ დამივიწყო“. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის ზუსტად რა მიმართულებით წავიდოდით და რა კონცეფცია გვექნებოდა არ ვიცოდით.
საიდან გაჩნდა და რას უკავშირდება სახელწოდება?
გვინდოდა, რომ ემოციური კავშირი გვქონოდა სახელთან. მე და ჩემს დას გაგვახსენდა ჩვენ ბებო, რაჭა და კესანეები გაზაფხულობით. ბებო კესანეს ეძახდა „არ დამივიწყოს“ და გადავწყვიტეთ, რომ ეს სახელი შეგვერჩია.
როდის გაიხსნა „კესანე - არ დამივიწყო“?
2021 წლის მეორე ნახევარში ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა პროექტი „გრეტა“. რა თქმა უნდა, ფინანსურად ჩვენი კონტრიბუცია საკმაოდ დიდია, თუმცა, პროექტის რამდენიმე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტს, სარესტორნო ინვენტარის დაფინანსების მხარდაჭერა მივიღეთ. ეს ერთის მხრივ იყო დიდი მოტივაცია და უდიდესი პასუხისმგებლობა საიმისოდ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. გარდა ამისა, დიდი მხარდაჭერა მაქვს ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრებისგან. ამის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა.
ბრენდმა მუშაობა მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაიწყო და ამ პერიოდის შეჯამება რომ გავაკეთოთ, გამოხმაურება გვაქვს ძალიან დადებითი.
როგორია „კესანე - არ დამივიწყოს“ კონცეფცია?
ჩვენ სივრცის კონცეფცია არ არის მხოლოდ კვების მიმართულება. კვების მიმართულებით გვაქვს ავთენტიკური ქართული კერძები. გარდა ღია სივრცეებისა, გვაქვს ერთი დახურული სივრცე, რომელიც გვინდა ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჰაბად ვაქციოთ. ამჟამად 7 მეღვინეობასთან ვთანამშრომლობთ. იმედი გვაქვს, რომ სხვა მეწარმეებიც შემოგვიერთდებიან. გვინდა, რომ რეგიონის ადგილობრივი მეწარმეების ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ამავდროულად, გვაქვს სამაგიდო თამაშები. დღის განმავლობაში გვინდა, რომ აქცენტი იყოს ჩვენს კერძებზე, საღამოს - მუსიკაზე, ღვინოსა და ჩვენს დაფებზე. სამომავლოდ ვგეგმავთ, კონცეფციის „ფერმიდან სუფრამდე“ განვითარებას, რაც თავის თავში გულისხმობს სასტუმრო მიმართულების დამატებას, ჯანსაღი პროდუქციით ჩვენი ბიზნესის უზრუნველყოფას, სხვადასხვა ექსპრეს მიმართულებას და ა.შ.
რომელ ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობთ?
ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ღვინის კომპანიებთან, ესენია: „გონაძეების მარანი“, „ბიმბილი“, „ველეულა“, „როიალ ხვანჭკარა“, „კანკატელა“, „ნაბერაული“ და სამომავლოდ სხვა მეღვინეებიც შემოგვიერთდებიან. ასევე ვთანამშრომლობთ ლორის მწარმოებელ ადგილობრივ კარგ კომპანიებთან, მათ შორის „ლორუკასთან“, ვგეგმავთ თანამშრომლობას „ნეითივ რაჭასთან“ და ა.შ.
როგორია „კესანე - არ დამივიწყოს“ მენიუ?
მენიუ ავთენტიკური ქართული კერძებითაა შედგენილი, ძირითადად ვცდილობთ რაჭის ხაზის შენარჩუნებას. გვინდა, ჩვენი საოჯახო რეცეპტებით დასამახსოვრებელი გემოები შევქმნათ. რაჭული კერძებიდან გვაქვს საფირმო შქმერული და ლობიანი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბოლო 10 დღის განმავლობაში.