საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ბესო ქავთარაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბაზარზე ახლად დასრულებულ პროექტებში გარემონტებული ბინების შეძენაზე მოთხოვნა მზარდია. მისი განმარტებით, ეს მოთხოვნა ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რადგან მათ სურთ უძრავი ქონება მზა სახით ჩაიბარონ. ბესო ქავთარაძე აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. რემონტის წარმოება კი უცხოელი მოქალაქისთვის რთულია. ბაზარზე არსებული და მზარდი მოთხოვნის ფონზე ბესო ქავთარაძე აცხადებს, რომ დეველოპერულ კომპანიებს მიდგომის შეცვალა მოუწევთ. რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი მომხმარებელს უკვე გარემონტებულ უძრავ ქონებას მიაწვდიან.

,,გრძელ ვადაში დეველოპერულ კომპანიებს სავარაუდოდ მოუწევთ, რომ შეცვალონ პროდუქტი. ვგულისხმობ, იმას, რომ დღეს ბაზარზე უძრავი ქონების 95% გვხვდება კარკასულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ მოგვიწევს გადავინაცვლოთ იქით, რომ გარემონტებული შევთავაზოთ ინვესტორს. მოგეხსენებათ, რომ რემონტის პროცესი ძალიან დიდ სამუშაოებს მოითხოვს. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც საინვესტიციოდ ყიდულობს ჩვენთან უძრავ ქონებას, მისთვის ორმაგად უფრო რთულია იყიდოს კარკასულ მდგომარეობაში და შემდეგ გაარემონტოს. აქედან გამომდინარე, დეველოპერები თუ შეცვლიან პროდუქტს, გაახანგრძლივებენ შიდა განვადების პროცესს, ეს ხელს შეუწყობს რეალიზებას. მქონია ბევრი შემთხვევა, რომ არარეზიდენტი პირი, ვისაც საინვესტიციოდ უნდა უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი და შემაფერხებელი არის ქონების კარკასული მდგომარეობა. რადგან, შემდგომი პერიოდი, უკვე სარემონტო სამუშაოების არის საკმაოდ მოცულობითი და საკმაოდ რთული. ვაკვირდებით და ამ ეტაპზე უკვე არის რამდენიმე დეველოპერი, რომელიც სთავაზობს ამ სერვისსაც მომხმარებელს. ეს მიდგომა ალბათ გაფართოვდება და დადებითად აისახება ბაზარზე.“- აცხადებს ბესო ქავთარაძე.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ პირველადი უძრავი ქონების გარემონტებული სახით ჩაბარება დადებითად იმოქმედებს გაყიდვებზე და მის ზრდას განაპირობებს. ბესო ქავთარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე გარემონტებული ფართების ჩაბარების მოთხოვნა უცხოელ მყიდველებს აქვთ, რადგან საქართველოს მოქალაქისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება შედარებით მარტივია.

,,ვგულისხმობ არარეზიდენტ პირებს, რომლებიც ყიდულობენ პირველად უძრავ ქონებას. ურჩევნიათ, რომ გარემონტებული იყოს ის ქონება, რაც ჩაჰბარდებათ. პირობითად, დღეს იყიდა უძრავი ქონება მიმდინარე მშენებლობაში, დასრულების ეტაპზე მას სურს რომ ჩაჰბარდებს მოწესრიგებული და უკვე გამზადებული გასაყიდად ან გასაქირავებლად. მოთხოვნა ამ მიმართულებით არის და მგონია დეველოპერებიც გაჰყვებიან მომხმარებლის ამ მოთხოვნას. ძალაუნებურად მოხდება ეს. ეს მოთხოვნა ძირითადად უცხოელებს აქვთ. ქართველს არ აქვს ის პრობლემა, რომ სარემონტო ჯგუფი მოიძიოს. ქართველი ადამიანისთვის უფრო მარტივია რემონტი.“- აცხადებს ბესო ქავთარაძე.