საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბილეთების ორ უმსხვილეს ონლაინ გამავრცელებელს: tkt.ge-სა და biletebi.ge-ს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდასტურა და ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევებში მომხმარებლებისათვის თანხის სრულად ანაზღაურება დაავალა.

GCCA-ის წარმომადგენლის, ოლიკო კობახიძის ინფორმაციით, სააგენტომ საქმის მოკვლევა მომხმარებლების მიერ შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

„მომხმარებლებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განცხადებებით მომართეს  GCCA-ს, ქართულ ბაზარზე არსებული ორი უმსხვილესი  ბილეთების რეალიზატორი კომპანიების- tkt.ge-ისა და biletebi.ge-ის წინააღმდეგ.

პირველი განცხადების შემთხვევაში, მომხმარებელი ითხოვდა, გადადებული ღონისძიების ბილეთის თანხის სრულად დაბრუნებას ვებგვერდის საკომისიოს ჩათვლით. მეორე მოთხოვნაც იდენტური იყო და მომხმარებელი ითხოვდა გაუქმებული ღონისძიების ბილეთის თანხის სრულ დაბრუნებას.

აღსანიშნავია, რომ ორივე მომხმარებელს, სრული თანხის დაბრუნებაზე უარი ეთქვა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ აღნიშნულ საქმეებზე იმსჯელა და დარღვევა ორივე ბილეთებით მოვაჭრე კომპანიას დაუდასტურდა. მათ დაევალათ, რომ ბილეთის საფასური მომხმარებლებს სრულად აუნაზღაურონ, მათ შორის პლატფორმის მომსახურების საკომისიოც.

მოვაჭრეების არგუმენტაცია ემყარებოდა იმას, რომ ვებგვერდმა თავისი მომსახურება უკვე გასწია, მომხმარებელმა ბილეთი შეიძინა, და ამიტომ, ვებგვერდის მომსახურების საფასური არ უნდა დაბრუნებულიყო.

თუმცა, GCCA-მა აღნიშნული გადაწყვეტილებებით განმარტა, რომ საიტის მომსახურების საკომისიო წარმოადგენს ბილეთის ფასის განუყოფელ ნაწილს. როდესაც მომხმარებელი ბილეთს იძენს პლატფორმის საშუალებით, მისი ქმედების ძირითადი მიზანი არის არა ის, რომ ვებგვერდის მომსახურება მიიღოს, არამედ ის, რომ შეიძინოს ღონისძიებაზე დასწრების უფლება. შესაბამისად, ეს ორი ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან განკერძოებულად განხილვა, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევა იქნებოდა. ამასთან, მომხმარებლის მიერ პლატფორმის მომსახურების საკომისიო წარმოადგენს გარდაუვალ ხარჯს, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელი, ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული საშუალებით ბილეთს ვერ შეიძენს და ღონისძიებას ვერ დაესწრება. ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში კი, მომხმარებელი ვერ იღებს ვერანაირ სარგებელს. შესაბამისად, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხა. “,- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ოლიკო კობახიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.