41 000 წლის წინ დედამიწა ძალიან ახლოს იდგა აპოკალიფსური სცენარს აღსრულებასთან, მაშინ როდესაც მისი მაგნიტური ველი თითქმის მთლიანად მოიშალა.
პლანეტის ისტორიაში ეს ეპიზოდი ცნობილია როგორც “ლაშამპის ექსკურსია“, რომლის განმავლობაში, მაგნიტურ ველში დროებითი რღვევის გამო, დედამიწა, ფაქტობრივად, კოსმოსური რადიაციისგან დამცავი თავისი ბუნებრივი ფარის გარეშე დარჩა.
საბედნიეროდ ეს არ ყოფილა პოლუსების სრული ცვლა (როდესაც ჩრდილოეთი და სამხრეთი ადგილებს იცვლიან) მაგრამ, რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური ველის ძალის მაჩვენებელი ნორმალური დონის 10%-ზე დაეცა, რის შედეგადაც პლანეტა სრულიად დაუცველი დარჩა კოსმოსური ზემოქმედების მიმართ. ჩრდილოეთის ნათებებმა, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში მხოლოდ პოლარულ ზონებში ჩნდება, ზომიერ სარტყელსაც მიაღწია - ისეთ რეგიონებს, სადაც მსგავსი ფენომენი მანამდე არასოდეს დაფიქსირებულა. კოსმოსიდან მომავალმა რადიაციულმა გამოსხივებამ ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწია და მრავალ ბიოლოგიურ სახეობაში გენეტიკური მუტაციები და სიკვდილიანობა გამოიწვია.
ჟურნალ Science Advances-ის თანახმად, ჩვენი წინაპრების დიდმა ნაწილმა თავი მღვიმეებს შეაფარა, სხვები მზის სხივებისგან თავის დასაცავად ტანსაცმლის დახვეწას შეუდგნენ.

და ფაქტია რომ მათ მხოლოდ გადარჩენა კი არა, კულტურული ევოლუციაც შეძლეს - მღვიმის ხელოვნება, რიტუალები და სიმბოლური აზროვნების პირველი ფორმები სწორედ ამ ქაოსის დრო აყვავდა.
-
შეიძლება თუ არა, რომ ეს კვლავ განმეორდეს?
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მაგნიტური ველი საგრძნობლად შესუსტდა, რაც მეცნიერებში შიშს იწვევს - შესაძლოა ეს ახალი პროცესის დასაწყისი ან პოლუსების სრული გადაბრუნების წინაპირობა იყოს.
"ახლა ყველაფერი სრულიად სხვანაირად იქნება. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ელექტროენერგიაზე, ტელეკომუნიკაციებზე და თანამგზავრებზე. თუ ეს სისტემები მწყობრიდან გამოვა, ჩვენი საზოგადოება რამდენიმე საათში დაიშლება. ზუსტი თარიღი, რა თქმა უნდა, უცნობია, მაგრამ კოსმოსური სააგენტოები მუდმივად აკვირდებიან დედამიწის ბირთვს ცვლილებების ნიშნების გამოსავლენად. საბედნიეროდ, მეცნიერება და ტექნოლოგიები დაგვეხმარება ამ სიტუაციის შემთხვევაში წინასწარი რეაგირება მოვახდინოთ: შესაძლებელია თანამგზავრების მოდიფიცირება, ენერგოსისტემების დაცვა და საგანგებო პროტოკოლების შემუშავება", - ნათქვამია სტატიაში.

"შემდეგი დიდი გეომაგნიტური რღვევა თითქმის უკვე გადაწყვეტილი საკითხია, უბრალოდ, საკითხავია, როდის? და უნდა გვახსოვდეს, თუ ერთ დღეს ტროპიკული სარტყელში, ცაში ჩრდილოეთის ციალი დაფიქსირდა, ეს არა მხოლოდ შთამბეჭდავი სანახაობა, არამედ რაღაც ძალიან საშიშის დასაწყისი იქნება", - ამბობენ ექსპერტები.