ქართული ნატურალური თაფლისა და თაფლის პროდუქტების კომპანია ,,რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი თაკო კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული თაფლის შესვლა ქართველ მეფუტკრეებს წარმოების გაზრდის სტიმულს მისცემს. მას მოლოდინი აქვს, რომ ჩინეთის მხრიდან თაფლის გარდა, ფუტკრის სხვა პროდუქტებზეც იქნება ინტერესი. თაკო კვარაცხელია აცხადებს, რომ ეს დარგის განვითარებისა და მეფუტკრეების ფინანსური წარმატებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ასევე მეწარმეების სტიმულირებას შეუწყობს ხელს და ისინი წარმოების გაზრდას დაიწყებენ.
,,ჩინეთი საკმაოდ რელევანტური და დიდი ბაზარია საქართველოსთვის. საინტერესო იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ თაფლი არ იქნება. მოლაპარაკებები იქნება ფუტკრის სხვა პროდუქტების შეტანაზეც, რომელიც ჩვენთვის უფრო დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც ვიცი, ჩინეთი, იაპონია და აღმოსავლური ქვეყნები უფრო პრიორიტეტში მაინც გაიყვანენ ფუტკრის სხვა პროდუქტებს. მხოლოდ თაფლით რომ გავიდეთ საქართველოსთვის ფინანსურად საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა და ქართველი მეფუტკრეებისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს შემოთავაზება. უახლოეს მომავალში თუ მოხდება ეს, დარგი საკმაოდ განვითარდება. ფინანსური ხელშეწყობა ექნება. ბევრი მეფუტკრისთვის სტიმულიც კი აღმოჩნდება, რადგან რეალიზაცია უფრო მარტივი გახდება ქართული თაფლის. სამუშაო გვექნება ოდენობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ მეფუტკრეები განავითარებენ საფუტკრეებს და ბევრად უფრო ფართო მასშტაბით მივაწოდებთ ჩვენს პროდუქციას სხვა ქვეყნებს.’’- აცხადებს თაკო კვარაცხელია.
ნატურალური თაფლისა და თაფლის პროდუქტების მწარმოებელი აცხადებს, რომ ჩინეთის ბაზარზე დიდი კონკურენციაა, თუმცა ქართულ თაფლს ხარისხისა და გემოვნური თვისებების გათვალისწინებით კონკურენციის გაწევის რესურსი აქვს. თაკო კვარაცხელია განმარტავს, რომ გლობალურ ბაზარზე ჩვენი თაფლის მიმართ ინტერესი სწორედ მისმა ხარისხმა და თვისებებმა განაპირობა. ის ამბობს, რომ ქართულ თაფლს სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციისგან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები განასხვავებს.
,,კონკურენციის მიმართულებას რაც შეეხება, ჩვენი ნიშა არის ის, რომ ხარისხობრივი და გემოვნური თვისებებით განსხვავდება ჩვენი თაფლი სხვა ქვეყნის თაფლებისგან. სწორედ ამიტომ არის დაინტერესება სხვა ქვეყნების მხრიდან ქართული თაფლის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ბაზარზე ძალიან ბევრი ქვეყნის თაფლია წარმოდგენილი, ქართული თაფლი მაინც თავისი ნიშით არის წარმოდგენილი. ეს არის ხარისხობრივი მაჩვენებელი და გემოვნური თვისებები. სრულად განსხვავდება სხვა ქვეყნების თაფლებისგან. ასევე ქართულ თაფლს აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რაც განასხვავებს სხვა ქვეყნების თაფლებისგან. კონკურენციას გავუწევთ რა თქმა უნდა.’’- აცხადებთ თაკო კვარაცხელია.
,,რუდი დედოფლის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტის წარმოების გაზრდაში. თაკო კვარაცხელიას აზრით, ჩინეთის მხრიდან დიდი ინტერესი იქნება ფუტკრის რძის მიმართ, რადგან მას ბავშვების კვებაში ინტენსიურად გამოიყენებენ. მისივე შეფასებით, ჩინეთის ბაზარზე თაფლზე უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარი ფუტკრის სხვა პროდუქტებს ექნება.
,,ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ შხამი, ფუტკრის რძე, დინდგელი და ფუტკრის სხვა პროდუქტები. რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთს, ისინი ძალიან დიდი ოდენობით მოიხმარენ ფუტკრის რძეს. ბაღის ასაკიდან ბავშვების საუზმისთვის აქვთ განკუთვნილი. ეს გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის არის სასარგებლო. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც აქტიურად წავა მოლაპარაკებები, რადგან ეს პროდუქტები საქართველოში მოიპოვება და ვფიქრობ მასშტაბების გაზრდას შევძლებთ. ვფიქრობ, ეს პროდუქტები ბევრად უფრო მსყიდველობითუნარიანი იქნება თაფლთან შედარებით. თაფლში ძალიან დიდი კონკურენციაა. კი გავუწევთ კონკურენციას გემოვნური და ხარისხობრივი თვისებებით, მაგრამ რეალურად ფუტკრის სხვა პროდუქტები შეიძლება უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს.''- აცხადებს თაკო კვარაცხელია.