თოვლში ჩაფლული სახლები, ზღვისა და მთის მონაბერი ჰაერის შერწყმა და გაუკვალავ თოვლში დაშვების შესაძლებლობა, ეს გურიის რეგიონში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე კურორტი ბახმაროა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ზამთარში სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ექსტრემალი, „ფრი რაიდისა“ და “სკი ტურის“ მოყვარული, ან უბრალოდ მთის მოყვარული სტუმრობს. ბახმაროში სასრიალოდ ჩამოდიან გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ინგლისიდან და შვეიცარიის ალპებიდანაც კი. როგორც ბახმაროში ჩამოსული უცხოელი ტურისტების უმეტესობა აღნიშნავს, მათთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი ხელუხლებელი და ველური ბუნებაა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბახმარო უნიკალური ადგილია გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ.
წლების განმავლობაში ზამთრის სეზონზე უხვი ნალექის გამო ბახმარო დამსვენებლებისთვის მიუწვდომელი იყო, კურორტზე ზამთრის სეზონზე საშუალოდ 5-6 მეტრის სიმაღლე თოვლი მოდის და ხშირ შემთხვევაში ნალექი იმდენად უხვია, რომ თოვლის საფარი სახლებს სრულიად ფარავს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ზამთრის ბახმაროზე ვიზიტორები ე.წ. „კებზორერის“ ანუ თოვლმავალის მეშვეობით ადიან. თოვლმავალი ვიზიტორებს სოფელ ჩხაკაურაში ხვდება. მგზავრობის საფასური 15 კაციან ჯგუფზე საშუალოდ 1500 ლარია.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ჰოსტელ „ჩემთან ქოხში ბახმაროს“ დამფუძნებელი ნინო ჩხაიძე აღნიშნავს, ზამთრის ბახმაროს დამსვენებლები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ქართველები ზამთარში კურორტს ნაკლებად სტუმრობენ, რადგან საქართველოში გაუკვალავ თოვლში სრიალი იმდენად პოპულარული არაა
„მე ვფიქრობ, რომ ბახმაროს ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ საკითხზე აზრი ორად იყოფა, საქართველოში ბევრი თვლის, რომ ბახმარო ზამთრის კურორტი არ არის, მაგრამ ამ დროს სრულიად საპირისპირო ხდება, ყოველ წელს წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი რაოდენობის ტურისტი ჩამოდის. მთებს რომ გახედავ დილიდან უკვე თხილამურით და სნოუბორდით არის დახაზული. საქართველოში გაუკვალავში სრიალი ნაკლებად აქტუალურია.“ - აღნიშნა ნინო ჩხაიძემ.
ნინო ჩხაიძის თქმით, მისი ჰოსტელის დღიური ღირებულება 400-500 ლარია, რაც მისი განმარტებით დიდი თანხა არ არის, რადგან ჰოსტელში 6 საძინებელია, თითო საძინებელში კი ორი საწოლია განთავსებული, შესაბამისად თანხა სტუმრების რაოდენობაზე იყოფა. ნინო ჩხაიძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნული ფასი ქართველ მომხმარებელს ეძვირებათ, მაგრამ აქვე დასძენს რომ ჰოსტელის შენახვისთვის ძალიან დიდ შრომას წევს.
„რაც შეეხება ფასებს, მე ვფიქრობ, რომ ამ პირობებთან შედარებით ფასი ძალიან დაბალია, სულ მინდა ამ საკითხზე საუბარი, ვერ იგებენ, რომ აქ ცხოვრება და მაგალითად გუდაურში ცხოვრება ერთი და იგივე არ არის, ფიზიკური შრომაა საჭირო, 900 მეტრი რეზინის მილი მინდა, რომ მთიდან ჰოსტელამდე წყალი მოვიყვანო, ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ელემენტარულად რომ გაფუჭდეს რაღაც, უნდა ამოიტანო და იგივე მიჯდება მეც ტრანსპორტირება, რაც სტუმარს. ჩემთვის შეშის ამოტანა ხარჯია, ელექტროენერგიის საფასური გადასახდელია, მოკლედ ჰოსტელის შენახვა საკმაოდ დიდ თანხებზე ადის.
ზოგადად ელექტროენერგიის პრობლემა კურორტზე არ არის, თუმცა წყალი პრობლემურია, აქ ყინვები -15 გრადუსსაც კი აღწევს, ამიტომ ხშირია წყლის გაყინვის შემთხვევები, აქ ის ადამიანები ამოდიან, ვისაც მთა უყვარს და ამისთვის მზად არიან, ქართველები უფრო კომფორტის მოყვარულები ვართ და ნაკლებად გვესმის ეს, როდესაც უცხოელებს ვესაუბრები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბახმარო სრულიად განსხვავებულია და კომფორტი ქვევითაც აქვთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთრის სეზონი ქართველებისთვისაც მისაღები გახდება და ზამთარშიც მეტი ქართველი დამსვენებელი წამოვა კურორტზე.
აქ ზოგადად ერთ და ორი საძინებლით ვერ იმუშავებ, ყველა საძინებელში ითხოვენ გამათბობელს, ცხელ და ცივ წყალს, 400-500 ლარად ვაქირავებ მთლიან სახლს და ამ თანხის გადახდაც არ უნდათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი პირიქით არიან, თვითონვე აღნიშნავენ, რომ საკმაოდ კარგი ფასებია, აქ ფულს დიდად ვერაფერში დახარჯავ, დიდი-დიდი ბურანს სთხოვონ მთაზე აყვანა, რომ იქიდან დაეშვან. ასევე არის ერთადერთი ზამთარში მოქმედი რესტორანი „ფურნე“ მთაში ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა არ ვწუწუნებ, აქაურობა მე ძალიან მიყვარს.“ - აღნიშნა ნინო ჩხაიძემ.
ნინო ჩხაიძე დაახლოებთ ორი წელია რაც ბახმაროში სტუმრებს იღებს, როგორც თვითონ გვიყვება ყოველთვის სურდა, რომ თავისი სასტუმროების ქსელი ჰქონოდა, როგორც თვითონ ამბობს ბოლოს მაინც „გურულმა სისხლმა“ უყივლა, ერთხელ მეგობარს ამოჰყვა სახლზე დასახედად და მას შემდეგ ბახმაროში დარჩენა გადაწყვიტა, ხის ჰოსტელი „ჩემთან ქოხში ბახმარო“ დააფუძნა და უკვე ორი წელია სტუმრებს მასპინძლობს. როგორც თვითონ აღნიშნა, ბეტონის კატეგორიული წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ არის მისი ჰოსტელი ხის. როგორც თვითონ აღნიშნავს, ბახმაროში საცხოვრებლად გადმოსვლამდე ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, პროფესიით გერმანისტია, სამსახურიც ძალიან კარგი ჰქონდა, თუმცა მთაში სიმშვიდე იპოვა და ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს.
„ჩემთან ქოხში ბახმარო“ 3-სართულიანია, ერთი სართული წინა მხრიდან მიწაშია, მაგრამ მეორე მხრიდან ძალიან კარგი ხედი აქვს, ამ ეტაპზე 6 საძინებელი მაქვს, გაზაფხულიდან 7 მექნება. თითო საძინებელი ორ ადამიანზეა გათვლილი, ამ ეტაპზე გავჩერდით, იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარმა ხელი შეგვიშალა, გაზაფხულიდან ვგეგმავ რომ საუნაც გავაკეთო. ასევე მინდა, რომ ჯაკუზიც შევთავაზო დამსვენებელს და მისაღები და სამზარეულო ვიტრაჟებით მქონდეს. ისე გადის 2-3 თვე, რომ ქვემოთაც არ ჩავდივარ, აქ ცხოვრება მარტივი არ არის, მაღალმთიანი ადგილია, გადაადგილება რთულია, დღეს მდგომარეობით ბახმაროში რვა ოჯახი ვართ, რომლებიც აქ ვრჩებით, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებული ვართ.
ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემ სახლთან მისასვლელი გზა ისე გამიკვალავს ასფალტამდე დავსულვარ, მაგრამ იმ ღამეს გადაუღებელი თოვლის შემდეგ დილით ფანჯრებიც დაფარული დამხვდა. თუმცა ჩემთვის ეს ყველაზე მეტად საინტერესოა, ყველაფერი ზღაპარივითაა, ხშირად ვაკეთებ ვიდეო ჩართვებს და ხალხიც მიწერს რომ ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, აქ განსაკუთრებული სიტუაციაა, სხვა ზამთრის კურორტებს არ ჰგავს, ბახმარო ძალიან მისტიკური და განსხვავეულია . ამ ადგილას მთისა და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, სწორედ ეს ხიბლავს უცხოელებსაც“, - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.
თაკო კვაჭანტირაძე