,,ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარეს პასუხობს. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მალხაზ დოლიძის განცხადება გაუგებარია და საფუძველს მოკლებულია. „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქართული ხორბალი სუსტია და ის ფქვილის მაღალ ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. ლევან სილაგავა განმარტავს, რომ წისქვილ-კომბინატები ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მუშაობენ, რომელშიც გაწერილია და რომლითაც უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლი. ხარისხს კი მონიტორინგს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო უწევს. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „პურის მრეწველთა კავშირის“ პოზიცია ზედაპირულია და მას საფუძველი არ აქვს, რადგან თავად პურის მწარმოებლებს ტექნიკური რეგლამენტი არ აქვთ.
„ცოტა გაუგებარი განცხადებაა. იქიდან გამომდინარე, რომ პურის მწარმოებლებს არ აქვთ ტექნიკური რეგლამენტი პურზე. იმ დარგის მიმართ ასეთი განცხადება, რომელსაც ტექნიკური რეგლამენტი აქვს ფქვილზე, ანუ წისქვილ-კომბინატებს ვგულისხმობ, რომლებიც მუშაობენ ტექნიკური რეგლამენტით საქართველოს ბაზარზე და რომელსაც მუდმივად აკონტროლებს საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტო. პურზე ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას საფუძველი არ აქვს. საქართველოში ფქვილის გამოშვების ყველა პარამეტრი წისქვილ-კომბინატების მიერ არის დაცული. შესაბამისად, განცხადება რომელსაც პურის მწარმოებლები აკეთებენ, თითქოს რუსული ფქვილის ტექნიკური პარამეტრები უკეთესია ქართული ფქვილის ტექნიკურ მახასიათებლებზე არასწორია. იმიტომ, რომ რაც ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება საქართველოში, წისქვილ-კომბინატებს ის გამოშვება აქვთ ბაზარზე“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბაზარზე პურის მწარმოებლებს ფქვილის არჩევანის საშუალება აქვთ. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში მუდმივად შემოდის რუსული ფქვილი. მისივე თქმით, პურის მწარმოებლებს შეუძლიათ დაასახელონ კონკრეტული წისქვილ-კომბინატები, რომლების მიერაც დამზადებული ფქვილი მათ არ მოსწონთ.
„დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი წარმოების ფქვილი, ასევე იმპორტირებული, რომელიც შემოდის მათ შორის რუსეთიდან. შესაბამისად, ორივე ფქვილი არის წარმოდგენილი, როგორც ქართული წარმოების, ასევე რუსული. დღეს არჩევანი ნამდვილად არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტის გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, საქართველოში მუდმივად შემოდის რუსული ფქვილი. თუ მაგალითად უკმაყოფილო იყვნენ (საფუძველი არ აქვს ამას) და მაინცდამაინც უნდათ რუსული ფქვილი, შეუძლიათ ის გამოიყენონ. ამ განცხადებას ჩვენ არ ვეთანხმებით და ნებისმიერ მაკონტროლებელ ორგანოს ვიწვევთ, შეამოწმონ ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. პურის მწარმოებლებსაც შეუძლიათ მიუთითონ, რომელი წისქვილ-კომბინატების ფქვილი არ მოსწონთ“, - აცხადებს ლევან სილაგავა.