საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart-მა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-დან 7.5%-მდე გაზარდა. ბანკის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, პროგნოზის გაუმჯობესება წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა.
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 6.4% იყო. მთლიანობაში, წლის პირველ ექვს თვეში ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის თანახმად, ივნისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე საფინანსო საქმიანობის სექტორებმა შეიტანეს. ამავე პერიოდში კლება დაფიქსირდა ენერგეტიკისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
Galt&Taggart-მა ასევე გაზარდა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზიც — 4.8%-ის ნაცვლად ახლა 5.1%-ს ელოდება. ბანკის შეფასებით, ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდამ შესაძლოა, მომდევნო თვეებში ენერგომატარებლების ფასების შემცირების ტემპი შეანელოს.
ინფლაციის პროგნოზი ახლახან საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გაამკაცრა და 4.9%-დან 5.2%-მდე გაზარდა. სებ-ის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების მერყეობას ზრდის, ხოლო კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ინფლაციური რისკებიც კიდევ უფრო იზრდება.