უძრავი ქონების ექსპერტები იმ რისკებზე საუბრობენ, რაც „საგადასახადო კოდექსში“ შესულ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს. ისინი ფიზიკურ პირებს, რომლებიც ბინის, სახლის, მიწის ნაკვეთის თუ კომერციული ფართის გასხვისებას, მისი შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გეგმავენ, სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლას ურჩევენ, რათა ჯარიმები და საურავები თავიდან აიცილონ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ოთარ კაჭკაჭიშვილიმა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტმა განუცხადა, ქვეყანაში უამრავი კორპუსი აშენდა, სადაც ფიზიკური პირები ყიდულობენ უძრავ ქონებას და შემდეგ ყიდიან, ამიტომ ეს ბიზნესი ერთ-ერთ აქტუალურ ბიზნესად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ოთარ კაჭკაჭიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს „საგადასახადო კოდექსში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს.
„ვიდრე, იმ რისკებზე ვისაუბრებ, რაც „საგადასახადო კოდექსში“ შესულ ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს, გეტყვით, რომ საგადასახდო კუთხით არაფერი იცვლება, მათ შორის არც გადასახადის ოდენობა. ცვლილება მხოლოდ ადმინისტრირების წესში შედის. კერძოდ, თუ მოქალქე ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს, მისი შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაასხვისებს, ქონების გაყიდვის დეკლარირება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადახდა, აქამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, გაცილებით ადრე მოუწევს. ხოლო, თუ პირი ქონებას 2 წლის შემდეგ გაყიდის, ის დაბეგვრას აღარ ექვემდებარება, თუმცა თუ 2 წელი არ არის გასული, ქონების ტიპის გათვალისწინებით, ნამეტი შემოსავალი 5, ან 20%-ით დაიბეგრება.
ამჟამად, არამეწარმე ფიზიკური პირი, როცა ყიდის ბინას, თუ მისი ნამეტი არის დასაბეგრი, საშემოსავლო გადასახადით ეს იბეგრება წლიურად და დეკლარაცია ბარდება მომდევნო წლის 1 აპრილისთვის. სწორედ აღნიშნული მიდგომა იცვლება და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი გაყიდიან ბინას, ან სხვა ტიპის უძრავ ქონებას 2024 წლიდან და მათ მოუწევთ დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ისინი მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის იქნებიან ვალდებულნი ჩააბარონ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადიც“, - აღნიშნა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვით ცხოვრობს, ამიტომ ამ ცვლილების ძალაში შესვლის დროს, მთავარ გამოწვევად მაინც ინფორმაციის გავრცელება სახელდება.
„ხელისუფლებას მოვუწოდებ იზრუნოს ამ ადამიანების ინფორმირებულობაზე და ჩაატაროს სხვადასხვა სახის კამპანიები, მათ შორის სოციალური რეკლამის სახითაც და ფიზიკურ პირებს უძრავი ქონების გაყიდვის დაბეგვრასთან დაკავშირებით სიახლეები მიაწოდოს. იმ ადამიანებმა, რომლებმაც აქამდე იცოდნენ რომ დეკლარაცია უნდა წარედგინათ მომავალი წლის აპრილის თვემდე, თუ არ მივა ეს ინფორმაცია მათთან სათანადოდ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ტიპის პრობლემები და ადამიანები იმ დროს დაადეკლარირებენ, როგორც აქამდე იცოდნენ. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვურჩევ უძრავი ქონების გაყიდვისას სპეციალისტებს მიმართოს“, - აღნიშნა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტმა.
ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,537 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 27%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ დოლარამდე შემცირდა.