ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16% -ით დაცემისა და 2 მილიარდიანი ზარალის მიზეზებზე, ასევე იმაზე, რა გავლენას იქონიებს მომხდარი ლარის კურსზე, - თემაზე ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე საუბრობს. 

"ფინანსური თვალსაზრისით ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების დაცემა არასამართლიანია. მიუხედავად ამისა, ქართულ ბანკებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ. საქმე ისაა, რომ აქციების ზრდა და ვარდნა უარყოფით მოლოდინებსა და დამოკიდებულებას უკავშირდება. უარყოფითი მოლოდინების მიზეზი კი ისაა, რომ საქართველომ არასწორი პოლიტიკური არჩევანი აქვს გაკეთებული და ამ მიმართულებით გარკვეულ ცუდ ნაბიჯებს დგამს. ამას ხელს უწყობენ ისინიც ვინ ამას მიმხვდარია და ისინიც ვინც ახლაც ვერ ხვდება რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მთავრობის არასწორი პოლიტიკური არჩევანი და გადადგმული ცუდი პოლიტიკური ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ საქართველომ აირჩია რუსეთის, ირანის, ჩინეთისა და პალესტინის მხარე. ცხადია ასეთ ვითარებაში ინვესტორებს კარგი მოლოდინები არ აქვთ," - ამბობს შეშელიძე "ინტერპრესნიუსთან".

მისივე თქმით, თან ამას ემატება ხელისუფლების განცხადებები იმაზე, რომ მთავრობას უნდა ააშენოს არა თავისუფალი, არამედ ეკონომიკის განვითარებისა და მართვის ცენტრალიზებული სისტემა, იმის მსგავსი ჩინეთს, ან ჩრდილოთ კორეას რომ აქვთ.

ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ ჩინური და ჩრდილოეთ კორეული მოდელი კი ნიშნავს იმას, რომ კლანებს აქვთ უპირატესობა ეკონომიკაში. არა რიგით ადამიანებს, არამედ კლანებს და კლანთან კავშირში მყოფ ადამიანებს. ამას ყველას ხედავს და ესმის. ამიტომაცაა გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს.

"მომხდარი, შესაძლოა, იყოს ფინანსური სპეკულაციური შეტევა. ასეთ რამ ხდება ხოლმე, მაგრამ, ეს ხდება იქ, სადაც სუსტი წერტილები არსებობს. სუსტ წერტილებს სხვაზე ადრე გრძნობენ და ხედავენ სპეკულანტები. ეს, შესაძლოა იყოს პირველი მიზეზი. არის სხვა მიზეზებიც, ჩვენი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საკმაოდ მოდერნიზებული და თანამედროვე არიან. მათ შეუძლიათ ბევრ ბრიტანულ ბანკს გაუწიონ კონკურენცია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ვარდნა მათი გაუმართავი საქმიანობის შედეგი იყოს. მთავარია ის პოლიტიკური მდგენელი, რაზეც უკვე ვისაუბრე. სამწუხაროა ის, რომ ბანკები იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რასაც ხელისუფლება იღებს, ხმას არ იღებენ, მიყვებიან ამ დინებას და მონაწილეობენ ამ ნეგატიური დინების შექმნაში. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ მათ, რომ ამგვარი ქცევა მათი მხრიდან რაციონალურია და შერჩებათ. როგორც ჩანს, პიროვნულად ისინი ისე არიან შეზღუდულები, რომ ხმას ვერ იღებენ, რაც სინამდვილეში სამარცხვინოა. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მეტი გაბედულება ხმა ამოიღოს, როცა ხედავს რომ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას იღებს," - ამბობს ეკონომისტი პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ ბანკები ამ ნეგატიურ პროცესს იმით უწყობენ ხელს რომ ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი