„დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდება საქართველოს, როგორც ფაგების ექსპორტიორის პოზიციონირება მსოფლიოში და საშუალოვადიან, 3-4-წლიან, პერსპექტივაში ევროკავშირის ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტით - ფაგების პრეპარატებით ვიქნებით წარმოდგენილი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლო და ჩვენ შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბად. რაც არის ფარის პროექტი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს გაუმკლავდება.

რატი ღოლიჯაშვილი აცხადებს, რომ ამ უნიკალურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც ანტიბიოტიკების ერთადერთი ალტერნატივაა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაში ხელს უშლიდა ევროპული ხარისხის სერტიფიკატის არ არსებობა. ცოტა ხნის წინ, „ბიოქიმფარმმა“ ვროპულ სტანდარტთან გათანაბრებული GMP სერტიფიკატი მიიღო და უკვე მსოფლიოს 8 ქვეყანაში გააქვთ ქართული ფაგიო ექსპორტზე და 17 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

„ჩვენი კომპანია ისტორიულ ბაქტერიოფაგის საწარმოზე დაყრდნობით შექმნილი საწარმოა, რომელიც აწარმოებს ფაგებს, 8 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, 65 ადამიანს ასაქმებს და 2 საერთაშორისო პატენტი აქვს. რაც განსაკუთრებით საამაყოა, მივიღეთ ევროპულ სტანდარტთან გათანაბრებული GMP სერტიფიკატი. ჩაიდო 17 მლნ ლარის ინვესტიცია, სადაც ჩართულები იყვნენ ევროკავშირი, EBRD, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მრავალი ადგილობრივი და უცხოური დონორი ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაში“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.

მისი თქმით, ეს არის 100%-ით კვლევაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტი, რომელიც საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების 10 000-მდე აფთიაქში იყიდება და, ფაგების ანტიბიოტიკების რეზისტენტობიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ევროპაშიც აქტიურად იკიდებს ფეხს.

„დღეს ანტიბიოტიკური თერაპია აღარ ითვლება მკურნალობის ყველაზე წარმატებულ მეთოდად იმიტომ, რომ ვეღარ კურნავს ბევრ დაავადებას და მისი ალტერნატივაა ფაგები, რომლის სამშობლოც საქართველოა. შეგვიძლია საქართველოს პოზიციონირება გავაკეთოთ, არა მხოლოდ გასტრონომიული მიმართულების, არამედ სხვა მხრივაც პოზიციონირდეს. აეროპორტის განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ ანტიბიოტიკური რეზისტენტობის ჰაბად. რაც არის ფარის პროექტი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.

რაც შეეხება ქართული ფაგების საექსპორტო პოტენციალს,  „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ გაყიდვებში პროპორცია, 40-დან 60%-მდე ლავირებდა, თუმცა ევროპული სტანდარტის სერტიფიკატის მიღების შემდეგ ექსპორტს გაზრდიან.

„ექსპორტისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ევროპული ხარისხის სერტიფიკატის არ არსებობა. ახლა შესაძლებლობა გვაქვს, გავზარდოთ საექსპორტო არეალი. დიდი ამბიციები გვაქვს. ეს არ არის დამატებითი ღირებულების პროდუქტი. ჩვენ არა მხოლოდ წამლის გარდაქმნაზე ვფიქრობთ, არამედ ბრენდზე ვსაუბრობთ. ძალიან მალე ვიწყებთ აქტივობას იმისთვის, რომ სწორად პოზიციონირება მოხდეს ჩვენი კომპანიის და ჩვენი ქვეყნის. როცა ფაგებზე ვინმე ისაუბრებს, იქვე საქართველოც უნდა ახსენოს“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.