ქალაქის ცენტრში ახალი რესტორანი „ნამდვილი“ სტუმრებს 11 ივლისიდან მასპინძლობს, ოფიციალური გახსნა კი 21 ივლისს გაიმართა. როგორც რესტორნის  დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა, „ნამდვილი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს, როგორც ადგილობრივებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს. რესტორანში წარმოდგენილია ქართული გასტრონომიის მრავალფეროვანი კერძების მთელი ასორტიმენტი.

შოთა ბურჯანაძის თქმით, რესტორანი „ნამდვილის“ მიზანი სტუმარ-მასპინძლობისა და უძველესი ტრადიციული ქართული კერძების შენარჩუნება და პოპულარიზაციაა.

„ყოველდღიურ რეჟიმში ევროპელი ტურისტების მხრიდან 50-დან 100 ადამიანამდე გვაქვს ჯავშნები რესტორანში. სერვისი, კერძები, გარემო და მუსიკა - ოთხივე მომენტი ჩვენს რესტორანში გათვალისწინებულია. მუსიკას „გორდელა“ და „ურსა“ უზრუნველყოფენ.“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რესტორნის მთავარი შეფი ლაშა ბოდაველია.

„გუნდის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერაფერს შეძლებს, მე დიდი გუნდი მიდგას გვერდით,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით, სამომავლოდ სხვა რესტორნების გახსნაცაა გეგმაში.

„ახალი რესტორნის თემა არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ნამდვილის“ ქართული ვარიანტი. სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება საშუალება გაგიმხილოთ,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.