„როდესაც კომპანია გადაწყვეტს, რომ აწარმოოს გარკვეული სახის პროდუქცია, აუცილებელია, რომ აარჩიოს ისეთი სასაქონლო ნიშანი, რომელიც იქნება დაცვის უნარიანი და მარტივად მოიპოვებს რეგისტრაციას. ეს მისცემს ბიზნესს საშუალებას, რომ მართოს არამატერიალური აქტივი. - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად“ ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტმა მარიამ კეპულაძემ ისაუბრა. მისი თქმით კომპანიები როდესაც პრობლემას წააწყდებიან, სწორედ მაშინ იწყებენ სასაქონლო ნიშნანზე ზრუნვას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ ბაზარზე გამოვჩნდებით და სახელზე ზრუნვას დავიწყებთ, მანამდე ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავიცვათ ჩვენი სასაქონლო ნიშანი და ვაქციოთ აქტივად. სასაქონლო ნიშანი უნდა დავიცვათ იმისგან რომ დაუკითხავად და არამართლზომიერად არ მოხდეს მისი გამოყენება, ვინმემ არ გააყალბოს და ა.შ.
ეს იცავს მომხმარებელს იმისგან, რომ მას აქვს ნდობა იმ ბრენდისადმი, რომელსაც აქვს რეპუტაცია და ა.შ. რაც შეეხება აქტივს, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ეს მფლობელს მისი განკარგვის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა ეს მფლობელს აძლევს ისეთ მნიშვნელოვან აქტივს, რომლის შემოსავლის წყაროდ ქცევა შეუძლია.“ - აღნიშნა მარიამ კეპულაძემ.
კეპულაძის თქმით კერძები, მაგალითად ხაჭაპური, სულგუნი და სხვა არც ერთ ინტელექტუალურ საკუთრებას არ მიეკუთვნება და სულგუნი არის გეოგრაფიული აღნიშვნა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი.
„ხაჭაპური არც ერთ ინტელექტუალურ საკუთრების ობიექტს არ მიეკუთვნება, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სულგუნი არის გეოგრაფიული აღნიშვნა, რაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტია და არის ან სიმბოლო ან ადგილი. დასახელება ხვანჭკარა, მუკუზანი და ა.შ. გამოარჩევს პროდუქტს, ეს პროდუქტი განსაკუთრებულ თვისებებს იძენს იმ რეგიონში საიდანაც მომდინარეობს, მაგალითად ხვანჭკარას განსაკუთრებულ თვისებებს განაპირობებს ის ყურძენი , იმ წესით ამუშავება და კლიმატური პირობები. შესაბამისად, სულგუნი ხვანჭკარა, და.ა. წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს რეგიონის გასავითარებლად.“ - აღნიშნა მარიამ კეპულაძემ.
კეპულაძის განმარტებით გეოგრაფიული აღნიშვნები ძალიან დიდი სარგებლის მომტანია კონკრეტული რეგიონისთვის სადაც ხდება ამ პროდუქტის მოპოვება. იქმნება ახალი საწარმოები, ადამიანები აღნიშნული პროდუქტის წარმოებას იწყებენ, რადგან ის სარგებლის მომტანი ხდება. გარდა ამისა, კეპულაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კვლევების მიხედვით გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნული საქონელი ღირებულება ორნახევარჯერ უფრო ძვირია.