ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ შეჩერდება.
„ეს იქნება კრემლის პოლიტიკის გამარჯვება, ამიტომ არ უნდა დავუშვათ, თუ უვიზო მიმოსვლა ან DCFTA შეგვიჩერდა, მივიღებთ იმ სტატუს-კვოს, რომელიც 10-14 წლის წინ გვქონდა... ოქტომბერში, გერმანიაში გვაქვს ბიზნეს-კონფერენცია და მუდმივად ვაკეთებთ აქცენტს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია, ჩვენ - მოქალაქეებმა და ბიზნეს საზოგადოებამ უნდა ვიბრძოლოთ ამ მონაპოვარის შენარჩუნებისთვის...
საჭიროა, ბიზნესს მოტივაცია შევუნარჩუნოთ, რადგან ერთადერთი რაც დღეს იჭერს ვითარებას, არის ის, რომ 34 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვავითარეთ და მათი ერთი ჩამუხვლაც კი, ქვეყნისთვის ურთულესი იქნება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
როგორც EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, შეუძლებელია, ევროკავშირთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკურ კავშირებზეც არ აისახოს. ზვიად ჭუმბურიძე ვარაუდობს, რომ EU-თან ვაჭრობა [ექსპორტი] მომავალში შემცირდება.
„ერთია დეკლარირება, რომ აქვთ სურვილი, საქართველო იყოს ევროპულ გზაზე, მაგრამ მთავარია ქმედებები, სანამ ბოლომდე დაგვიანებული არაა“ – თქვა EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ „ქართული ოცნების“ მისამართით.
ამასთან, „წერტილის“ წამყვანის კითხვის პასუხად ზვიად ჭუმბურიძემ თქვა, რომ დიდი ხანია, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კერძოდ, ლევან დავითაშვილი ბიზნესასოციაციებს არ შეხვედრია.
“არც შემოთავაზება და არც შეხვედრები, დიდი ხანია, არ ყოფილა. შეიძლება მცირე ჯგუფებს ხვდებიან“, - დასძინა მან.