პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში გონიოსა და კრწანისში მშენებლობას 6,6 მლრდ დოლარი მოხმარდება, საიდანაც ნაწილი იქნება მყიდველებიდან, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები.

აღნიშნული საკითხი რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა ნიკოლოზ ალავიძემ შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ პროექტი წამგებიანი იქნება, ხოლო ირაკლი კობახიძე კი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შეცდომაში შეჰყავს.

„რა განცხადებაც ბატონმა კობახიძემ გააკეთა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ ატყუებენ. მესმის, რომ ეს ადამიანი განათლებით არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ ნამდვილად გამოჩნდა, რომ არ არის არც ეკონომისტი და არც ფინანსისტი, არც ბიზნესის გამოცდილება აქვს, რაც ხდება სავარაუდოდ იმის საფუძველი, რომ შეცდომაში შეჰყავს ადამიანების ჯგუფს. ეს განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან იყო გაჟღერებული, სრულიად მოწყვეტილია ეკონომიკურ, ბიზნეს და საქმიან დისკუსიას, შინაარსს და ატარებს მხოლოდ და მხოლოდ კერძო ადამიანების ინტერესებს, შეიცავს დამაზიანებელ მომენტებს. რეალურად საუბარია არა ინვესტიციაზე, არამედ მსხვილ ბიზნეს პროექტზე, უძრავი ქონების სტანდარტულ პროექტზე, როცა არიან დაინტერესებული მხარეები, ერთ მხარეს გააჩნია მიწის ნაკვეთი, მეორე მხარეს გააჩნია ცოდნა და შესაბამისი წვდომა კაპიტალთან, ხდება ამათი სინერგია“, - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული.

„ნარატივი, რომელსაც ბატონი კობახიძის პირით აჟღერებს კომპანია, გამოდის, რომ ეს ბატონი დაიქირავეს გაყიდვების მენეჯერად, პრომოუტერად, რადგან ეს სხვა ლოგიკაში არ ჯდება. მას შეცდომაში შეჰყავს მთლიანი საზოგადოება, როცა ამას ინვესტიციას არქმევენ. ეს ინვესტიცია არ არის, აქ არის ძალიან ბევრი კითხვა. არ მომხდარა მიწის ნაკვეთების შეფასება, რომელიც საქართველომ შეიტანა ბიზნესში და საქართველოს სახელმწიფო გახდა მხარე, ინტერპრენერი, ბიზნესმენი 33%-იანი წილით. ასევე, ქალბატონ ქვრივიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 1600-1700 დოლარად იყიდება, საკითხავია, რა იყიდება, რადგან არ არსებობს ჯერ არც პროექტი, არც განაშენიანების გეგმაა დამტკიცებული, მაგრამ თურმე, მაინც იყიდება. სამწუხაროდ, ამ მოცემულობით ვიღებთ მხოლოდ ზარალს.

და კიდევ ერთი, ამ პროექტის უკან არის რამდენიმე ოფშორული კომპანია, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამიტომ ხდება გადასახადების გატანა, ამ შექმნილი დოვლათის ექსპორტი, რაც აისახება მთლიან შიდა პროდუქტზე და დოვლათი ჩვენთან არ დარჩება“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძე.