„ძალიან დიდი ხანია არცერთ ბაზარსა და დაწესებულებაში გასაყიდად გამოტანილი ქართული ღორის ხორცი არ შემხვედრია“, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ორგანიზებულ გასაყიდ პუნქტებსა და მაღაზიებში არსებული ნედლი ღორის ხორცის 99% იმპორტულია.

„ბაზარზე განთავსებული ნედლი ღორის ხორცის 99% არის იმპორტირებული. ძალიან დიდი ხანია არცერთ ბაზარსა და დაწესებულებაში გასაყიდად გამოტანილი ქართული ღორის ხორცი არ შემხვედრია. ეს პირადად ჩემთვის ცუდი ფაქტია, რადგან პირველ რიგში, ადგილობრივი ფერმერები უნდა იყვნენ წინ წამოწეულები და უპირველეს ყოვლისა, მათი პროდუქტის რეალიზაცია უნდა ხდებოდეს.

შესაძლოა, რომელიმე მომხმარებელი მივიდეს გამყიდველთან და მან უთხრას, რომ ქართულ ხორცს ყიდის. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, გამოართვას ხორცის ეტიკეტი. ეტიკეტი აქვს ნებისმიერ გამყიდველს, რომელიც მაღაზიაში ან ბაზარში ორგანიზებულად ყიდის ხორცს. ამ ეტიკეტში წერია ღორის ხორცის წარმომავლობა“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ირაკლი არაბული.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებულია 28.983 მლნ დოლარის ღირებულების 10 989 ტონა ღორის ხორცი. აღსანიშნავია, რომ ღორის ხორცის იმპორტი ძირითადად ბრაზილიიდან და რუსეთიდან ხორციელდება. უფრო კონკრეტულად, წელს ბრაზილიიდან ვიყიდეთ 18.741 მლნ დოლარის 7 013 ტონა ღორის ხორცი, ხოლო რუსეთიდან 7.782 მლნ დოლარის 2 711 ტონა. დანარჩენი ქვეყნებიდან კი შედარებით მცირე რაოდენობით ხორცი შემოდის.

bpn.ge