„ძალიან ჭირს კადრები ვაკეში, ადგილობრივებს როგორც წესი, მარკეტში დასაქმება არ უნდათ,” - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ყველა სექტორში, ქსელურ მარკეტებშიც კადრების დეფიციტია, ეს განსაკუთრებით ეხება 24-საათიან ფილიალებს, რომლებიც ღამის საათებში მომუშავე კადრებს ვერ პოულობენ. თუმცა, ქაშაკაშვილის შეფასებით, მსგავსი ფილიალების დახურვა საგანგაშო ტენდენციით მაინც არ მიმდინარეობს.
როგორც სოფო ქაშაკაშვილი განმარტავს, საკადრო დეფიციტი უფრო უბნების მიხედვით შეიმჩნევა, კერძოდ, კადრების მოძიება ჭირს ვაკეში, გარეუბნებში კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
„რომ გითხრათ, საგანგაშო მდგომარეობაა და ყველა ქსელის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს 24-საათიანი მაღაზიების დახურვის ტენდენცია, ასე არ არის. პირიქით, რითეილი ფართოვდება და ახალი ფილიალები იხსნება.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კადრების დეფიციტი მუდმივად გვაქვს, ზაფხულის პერიოდი თბილისში ყველაზე მეტად ჭირს, რადგან დასასვენებლად მიდის ხალხი. დასაქმების კუთხით, უბნების მიხედვითაც დიდი განსხვავებაა. მაგალითად, ძალიან ჭირს კადრები ვაკეში... ადგილობრივებს როგორც წესი, მარკეტში დასაქმება არ უნდათ. შემდეგ უწევთ სხვა უბნებიდან კადრების მოყვანა.
კადრების პრობლემა ყველაზე ნაკლებად გარეუბნებშია, გლდანი, ვარკეთილი… უხეშად რომ ვთქვათ, იქ, სადაც არ ეთაკილებათ მაღაზიაში მუშაობა. ვაკე, ვერა, საბურთალო (ვაკე ყველაზე მეტად) კი საკმაოდ ჭირს მათი მოძიება.
სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს საქმიანობა უფრო პრესტიჟული გავხადოთ. ასოციაცია გეგმავს რითეილ აკადემიის დანერგვას, რომელსაც ექნება სახელმწიფო ავტორიზაცია, კურსდამთავრებულებს ექნებათ აკრედიტებული დიპლომი, გარკვეული უპირატესობები და ა.შ.“, - ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.