თბილისში, ელენე ახვლედიანის აღმართის #20-ში, ახალი ღვინის ბარი „დროშები ჩქარა“ გაიხსნა, სადაც 40-მდე მცირე მარნის რჩეული ქართული ღვინოები იყიდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ბარის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა კოკაია ამბობს, ღვინოების ფასი 30-35 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს და ფასები 2 რამეზეა დამოკიდებული - რამდენად იშვიათია ღვინო და აქვს თუ არა დაძველების პოტენციალი.

თავად ბექა კოკაია მეოთხე წელია „მშვიდ ღვინოს“ აწარმოებს და დიდი ხანია ისეთი ბარის გაკეთება სურდა, სადაც, კონკრეტული კონცეფციის, საკუთარი და სხვა კარგი ღვინოები გაიყიდებოდა. საბოლოოდ მეგობრებმა, ბარის ერთ-ერთი დამფუძნებლის - რატი მუჯირის კუთვნილ, თითქმის 2 საუკუნის წინანდელ ფართში მოაწყვეს ბარი და შეეცადნენ, რომ, რემონტის შემდეგ, შენობისთვის ავთენტიკურობა შეენარჩუნებინათ, საქართველოს და მისი მეგობარი ქვეყნების დროშები გამოფინეს და ინტერნაციონალური ბარი მოაწყვეს, სადაც სტუმრებს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ფაქტების გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.

„ღვინის ბარი 1840-იან წლებში აშენებულ შენობაშია, რომელიც ბარის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის რატი მუჯირის ბებიის ბინა იყო. იმის ხაზგასასმელად, რომ 1 საუკუნის წინ დამოუკიდებლობა გვქონდა გვინდოდა, რომ აქ პირველი რესპუბლიკის ფრაგმენტები ყოფილიყო წარმოდგენილი. ბარში გამოფენილია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ასევე საქართველოს და მისი მეგობარი ქვეყნების დროშები და აქვე ნახავთ გალაკტიონის ლექსის - „დროშები ჩქარა“ სტენსილს. ამას გარდა, უკრაინის და საქართველოს დროშებზე რატი მუჯირმა უკრაინაში ქართველ და უკრაინელ მებრძოლებს მოაწერინა ხელი და ეს დროშები, როგორც მემორიალი ისე გვაქვს გამოფენილი. ცხადია, ჩვენი ბარი სრული პათოსით უჭერს მხარს თავისუფალ სამყაროს და ყველას, ვინც თავისუფალი სამყაროსთვის იბრძვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინას,“ - უყვება „კომერსანტს“ ბექა კოკაია.

მისი თქმით, „დროშები ჩქარა“ სტუმრებს 40-ზე მეტი მცირე მარნის ღვინოს და ამ ღვინოებთან შეხამებულ ძეხვეულის, ყველის, ჩირის, ჩურჩხელის და სხვა დაფებს სთავაზობს.

„ვთანამშრომლობთ მცირე მარნებთან, იმ ღვინოებთან, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, ე.წ. Limited edition wines-თან - ორგანულ, ნატურალურ მეღვინეობებთან, რომლებიც ბიო ღვინოებს აწარმოებენ. საქართველოს ყველა რეგიონიდან - 40-ზე მეტი სახეობის ღვინო გვაქვს. როცა სტუმარი ღვინოს აარჩევს, ჩვენი კონსულტანტი სომელიე იმ დაფას შესთავაზებს, რომელიც შეიძლება ამ ღვინოს ყველაზე მეტად მოუხდეს“, - გვიხსნის ბექა კოკაია.

რაც შეეხება ფასებს, ღვინოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასები 30-დან 200 ლარამდეა და როგორც ბექა კოკაია ამბობს, 2 ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:

„ყველა ღვინის ფასი დამოკიდებულია 2 რამეზე, პირველი - აქვს თუ არა დაძველების პოტენციალი და რამდენად იშვიათია ჯიში. საქართველოში საკმაოდ დიდი არჩევანია ამ მხრივ. დასავლეთ საქართველოში ღვინოებს ცინცხალი არომატები აქვს და შედარებით იშვიათი ღვინოებია, კახეთში მეტი დაძველების პოტენციალის მქონე ღვინოებია. ნებისმიერი ადამიანი აქ თავის კატეგორიის ღვინოს იპოვის. რაც უფრო იშვიათია ღვინო, უფრო ძვირია, რაც უფრო ხშირია ღვინო - უფრო იაფი. ღვინის ფასი ალბათ 30-35 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. იმიტომ, რომ ზოგი ღვინო ძალიან იშვიათია და ვიღაცას უღირს, რომ ამდენი გადაიხადოს“,- ამბობს ბექა კოკაია.

მისი თქმით, ბარში პირველი საღამოდან ბევრი სტუმარი ჰყავთ და „დროშები ჩქარა“ ტურისტებისთვისაც და ქართველი მომხმარებლისთვისაც საყვარელი ადგილი გახდა.

„გახსნის პირველ დღესვე ანშლაგი გვქონდა, ბევრი სტუმარი გვყავს, ბევრი უცხოელია, ძალიან გვიხარია, რომ გუგლში თავიდანვე ბევრი კარგი შეფასება მივიღეთ, ჯერჯერობით ყველა 5 ვარსკვლავს გვიწერს. მოგვწონს, რომ ტურისტებისთვისაც და ქართველი მომხმარებლისთვისაც „დროშები ჩქარა“ საყვარელი ადგილია“, - ამბობს ბექა კოკაია.

რაც შეეხება გეგმებს, ბარში ყველა იმ ქვეყნის დამოუკიდებლობის, კონსტიტუციის და დროშის დღე აღინიშნება, რომელი ქვეყნების დროშებიც აქვთ გამოფენილი. 24 აგვისტოს კი „დროშები ჩქარა“ საქართველოს კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი დროშებიც გვაქვს გამოფენილი, ყველა იმ ქვეყნის დამოუკიდებლობის, კონსტიტუციის და დროშის დღეებიც აღვნიშნოთ და დაფებზე იმ ქვეყნის კერძები გვქონდეს, რომელი ქვეყნის დღესასწაულსაც აღვნიშნავთ. რაც ზუსტად ვიცი, 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა და ამ მიმართულებით გვექნება ღონისძიება, ხან დიჯეი დაუკრავს, ხან ცოცხალი შესრულება გვექნება, თუმცა, ამოსავალი ჩვენთან ფანტასტიკური გემოების ღვინოებია“, - ამბობს ბექა კოკაია.