საქართველოში დიზელის ღირებულებამ ლიტრზე 5 ლარს გადააჭარბა, რაც საწვავის ბაზარზე რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასი დაახლოებით 35%-ით, დიზელის კი 65%-ით არის გაზრდილი. შედეგად, ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 1.15 ლარით, დიზელი კი 1.95 ლარით გაძვირდა.
საწვავის გაძვირების გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ავტომობილით გადაადგილების ხარჯებში. თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 360 კილომეტრია. თუ ავტომობილი 100 კილომეტრზე საშუალოდ 7 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, აღნიშნულ მარშრუტზე საწვავის ხარჯი ერთი მიმართულებით დაახლოებით 29 ლარით არის გაზრდილი.
დიზელის შემთხვევაში, თუ ავტომობილის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 6 ლიტრია, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა საწვავის გაძვირების გამო დაახლოებით 42 ლარით მეტი ჯდება.
საწვავის ფასის ზრდა მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებზე არ აისახება. ენერგომატარებლების გაძვირება ზრდის სხვადასხვა სექტორის დანახარჯებს, მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც. აგროტექნიკის — ტრაქტორების, კომბაინებისა და სხვა ტექნიკის — მნიშვნელოვანი ნაწილი დიზელზე მუშაობს, რაც წარმოების ხარჯების ზრდის რისკს ქმნის.
გაზრდილი საწვავის ღირებულება, შესაბამისად, შესაძლოა საბოლოოდ პროდუქციის ფასებზეც აისახოს. ამასთან, საწვავის იმპორტით ფასის შემცირება რთული იქნება, რადგან დიზელისა და სხვა ნავთობპროდუქტების გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზეც ფიქსირდება.