საქართველოში ათასობით სტუდენტი ყოველწლიურად ირჩევს სამართალს, ბიზნესს, სოციალურ მეცნიერებებსა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს. ამავე დროს, კომპანიებს უჭირთ მშენებლების, ინჟინრების, ტექნოლოგებისა და სხვა პრაქტიკული კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მოძიება.

ეკონომიკის სამინისტროს კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური მიმართულებების პროგრამებზე წლიურად საშუალოდ 4 457 სტუდენტი ირიცხება, სწავლას კი 1 945 ასრულებს. შრომის ბაზრის საშუალო წლიური მოთხოვნა 2 571 სპეციალისტია, რაც კურსდამთავრებულთა რაოდენობას 626-ით აღემატება.

განსაკუთრებით დიდი დეფიციტია მშენებლობაში. ამ მიმართულებაზე საშუალოდ 467 სტუდენტი ირიცხება და მხოლოდ 237 ამთავრებს, მაშინ როდესაც ბაზარს წელიწადში დაახლოებით 674 კადრი სჭირდება. კურსდამთავრებულებსა და მოთხოვნას შორის სხვაობა 437 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი მდგომარეობაა ენერგეტიკაში, სადაც საშუალოდ 76 კურსდამთავრებულზე 202 სპეციალისტის მოთხოვნა მოდის. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის მიმართულებაზე 64 კურსდამთავრებულია, ბაზრის მოთხოვნა კი 216-ს აღწევს. ტრანსპორტის სფეროში საშუალოდ 145 კურსდამთავრებულზე 244 კადრის საჭიროება ფიქსირდება.

ტექნიკური კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის პირდაპირ ფინანსურ პრობლემად შეიძლება იქცეს. როდესაც სპეციალისტის მოძიება რთულია, იზრდება ხელფასის ღირებულება, თანამშრომლის დაქირავების დრო და გადამზადებისთვის საჭირო ხარჯები. კომპანიებს ხშირად თავად უწევთ გამოუცდელი კადრების სწავლება ან უცხოელი სპეციალისტების დროებით მოწვევა.

მეორე პრობლემა მსხვილი პროექტების განხორციელების ვადებია. სამშენებლო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებისთვის არა მხოლოდ მუშახელი, არამედ ინჟინრები, ზედამხედველები, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტებიცაა საჭირო. კვლევის მიხედვით, მომდევნო ხუთ წელიწადში მხოლოდ მშენებლობის მენეჯერებზე მოთხოვნა 1 710-ს, მშენებლობის ზედამხედველებზე კი 1 299-ს მიაღწევს.

ამ პირობებში პროფესიული განათლების განვითარება მხოლოდ სოციალური პოლიტიკის ნაწილი აღარ არის. ის ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების ათვისებისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცევა.