დღეიდან ფქვილის იმპორტის გაფორმებისთვის მომსახურების საფასური ამოქმედდა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 5 დღის წინ გამოაქვეყნა.
იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარია. გაფორმების გადასახადი 1 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადი მას შემდეგ შემოიღო, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და მხარდაჭერის მიღების მიზნით, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.
საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად, წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი ისეთი პირობებით მიაწოდონ, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.