მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, AI -ს მიმართ ინტერესი საქართველოშიც სულ უფრო იზრდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ HR.GE-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა, ჯერჯერობით, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენს ქვეყანაში სრულად ვერც ერთი პროფესია ვერ ჩაანაცვლა, თუმცა უკვე არსებობს სფეროები, სადაც ის აქტიურად გამოიყენება.
როგორც დარგის ექსპერტები განმარტავენ, ადამიანური რესურსების, ასევე ფინანსებისა და დროის დაზოგვა - ეს ის მთავარი უპირატესობებია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის საქმიანობაში, დღითი დღე ზრდის. არის რიგი სფეროები, მაგალითად - საინფორმაციო ტექნოლოგიები, აუდიტი, სამართლებრივი მომსახურება, სადაც მთელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სულ უფრო იზრდება.
„დანარჩენი მსოფლიოს კვალდაკვალ, AI-ის მიმართ ინტერესი მზარდია საქართველოშიც და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი - ყველას ცხოვრება შეცვალა. თუმცა, აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით, ქართულ შრომის ბაზარზე AI-ის არც ერთი პროფესია არ ჩაუნაცვლებია. ამჟამად, ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მხოლოდ ეხმარება რუტინული სამუშაოს შესრულებაში, რითაც მათ დროს ზოგავს და აძლევს საშუალებას, სხვა შედარებით რთულ დავალებებს მეტი ძალისხმევა დაუთმონ. ასეთ სექტორებად, მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ HR სფერო. ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი HR კომპანია იყენებს ხელოვნური ინტელექტის რესურსს СV-ების გადარჩევის პროცესში. ხელოვნური ინტელექტი, რეზიუმეს მიხედვით, ამათუ იმ პოზიციისთვის თავსებად და სასურველ კანდიდატებს თავად არჩევს და შედეგად, HR -ებს საქმეს უმარტივებს, რომლებიც გასაუბრებაზე მხოლოდ იმ კანდიდატებს იბარებენ, რომელთა CV-ებიც ხელოვნურმა ინტელექტმა გადაარჩია. ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა ქართული შრომის ბაზარზე აქტიურად შეინიშნება მარკეტინგის სფეროშიც. მაგალითად, დიზაინერის დაქირავების გარეშე, მარკეტინგის სპეციალისტები თავად ამზადებენ ლოგოს, გეგმავენ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოს შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი, ჯერჯერობით, მხოლოდ დამხმარეს ფუნქციას ასრულებს და მას კონკრეტული პროფესიები არ ჩაუნაცვლებია“, - აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.
მეტიც, ის უახლოეს წლებში, არ ელის, რომ ხელოვნური ინტელექტი საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს ჩაანაცვლებს.
შრომის ბაზრის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნები ელოდებიან ნებისმიერი ინოვაციის დატესტვას განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში და უკვე შემდგომ ხდება აქ რამის დანერგვა, ამას კი დრო სჭირდება.