შემოსავლების სამსახური „კომერსანტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას „ცისფერი მთები“ შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში“ ეხმაურება, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი ორგანიზაციის სერვის ცენტრების გაუქმების შემდეგ, მომსახურების მიღების პროცესში არსებულ სირთულეებსა და პრობლემებს აღწერს.
„კომერსანტი“ შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მ/წ 11 მარტს, ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს დედაქალაქის მასშტაბით სერვის ცენტრების გაუქმების შემდეგ, გადასახადების გადამხდელები მომსახურების მიღების პროცესში სირთულეებსა და პრობლემებს აწყდებიან.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული მომსახურებების აქტიურად და მარტივად მიღების/მოთხოვნის შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დისტანციური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი, რომელიც უკვე 90%-ს შეადგენს. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მეწარმე სუბიექტი იხდის განახევრებულ საფასურს. ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო სერვისების განვითარება სრულად შეესაბამება შემოსავლების სამსახურის 2021-2024 წლის სტრატეგიას.
დამატებით განვმარტავთ, რომ საქართველოს მასშტაბით, ფიზიკური ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფილია 13 სერვისცენტრისა და 16 წარმომადგენლობის საშუალებით.
რაც შეეხება ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ კონკრეტულ შემთხვევას შემოსავლების სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, თუ რა გახდა მოთხოვნილი ცნობების გაცემის სავარაუდო შეფერხებისა და გაუგებრობის მიზეზი. მედია გამოცემაში ნახსენებ ბიზნესმენს ვთხოვთ, დაუკავშირდეს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 და სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყება, არც ერთ შემოსულ შეტყობინებას/წერილს/განცხადებას არ ტოვებს შესაბამისი რეაგირების გარეშე.
აქვე შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299, ასევე ისარგებლონ - RS ჩათის მეშვეობით (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან -18:00 საათამდე), ან დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 520 ელექტრონული სერვისით, ხოლო ისეთ სერვისებზე, რომელზეც არ არსებობს ელექტრონული განცხადება, ნაცვლად ფიზიკური მომსახურების სივრცეში ვიზიტისა, შეუძლიათ დისტანციურად მოგვმართონ კომუნიკატორის ჩანართის მეშვეობით.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ სთხოვს მედიასაშუალებებს, სტატიის მომზადებისას, შესაბამისი განმარტების მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ უწყებას და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - წერია განცხადებაში.