სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12.3%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და 5.3 მლრდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა 2020-23 წლებში, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება:

  • ცემენტის მოხმარება ძირითადად ადგილობრივი წარმოებით (მოხმარების 93.1%) დაკმაყოფილდა 2023 წელს. ცემენტის ფასებმა სწრაფად დაიწყო ზრდა 2022 წლის შემდგომ, რისი მიზეზიც კლინკერისა და ქვანახშირის ფასის ზრდა იყო.
  • ბეტონის წარმოება რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა 2023 წელს, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით აიხსნება. ბეტონის ფასის სწრაფი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო, რაც განაპირობა მაღალმა მოთხოვნამ და ცემენტის ფასის ზრდამ.
  • არმატურის მოხმარებამ 558.0 მლნ კილოგრამს მიაღწია 2023 წელს. ამასთან, არმატურის ადგილობრივი წარმოება წლიურად 14.5%-ით შემცირდა და შესაბამისად მოთხოვნა იმპორტით დაკომპენსირდა 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ დაბალი ფასის გამო რუსეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტი 2021-23 წლებში გაორმაგდა.

სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 13.6%-ით გაიზარდა 2017-23 წლებში და 2.4 მლრდ დოლარს მიაღწია 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ სარემონტო მასალების იმპორტი, ადგილობრივ წარმოებაზე უფრო მეტად იზრდება. ადგილობრივი წარმოება ყველაზე დიდი პლასტმასის პროდუქტებშია, თუმცა ხის და მეტალის პროდუქტები და კაბელების წარმოებაც საშუალოდ ორნიშნა ზრდის ტემპით იზრდება.

Bpn.ge