რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და ესპანეთს შორის ხვალ გასამართი მატჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, მაგარი ბიჭები და დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ. ყველასთან შეიძლება თამაში, წარმატების მიღწევა. ეს დადასტურდა წინა შეხვედრებშიც. რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.