„ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მისი თქმით, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლებზეც მუშაობა მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს.

"მინდა ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეჭიდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პირველი, ეს არის დემოგრაფია. მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასავლეთ ევროპულთან შედარებით დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ტენდენციები ისეთია, რომ ცხოვრების დონე სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მაგალითად იგივე გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონეს წამოეწევა და სხვაობა შემცირდება ორმაგამდე, მაშინ, როდესაც 2012 წელს გერმანიაში მოქალაქე ცხოვრობდა ოთხნახევარჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2029 წლისთვის მხოლოდ ორმაგამდე შემცირდება სხვაობა გერმანიასა და საქართველოს შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით. ამ ტენდენციის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. დემოგრაფიაზეც დადებითად აისახება ეს ეკონომიკური ზრდა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მაგალითად გერმანიაში სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, არის სერიოზული გამოწვევები, გამოცდილების გადინების კუთხით, გვაქვს სხვადასხვა ტიპის დემოგრაფიული გამოწვევები. მომდევნო 4-წლიან პროგრამაში ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

სიღარიბის დაძლევა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, გვაქვს მუდმივი პროგრესი, მუდმივი ციფრების შემცირება ამ მიმართულებით, თუმცა ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს და ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოო ჯამში განულება ქვეყანაში.

განათლება და ჯანდაცვა, სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არის განსაკუთრებული მოთხოვნა რეფორმებზე და მინდა წინასწარ დავაანონსო, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.