მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული, გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი ძალაში დღეიდან შევა.

ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:

„ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;

საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;

ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;

ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;

გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;

სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;

არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;

ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;

ელექტრომოწყობილობების მომსახურება;

პოტენციურად მავნე ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;

კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;

გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.“

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია ასევე, რომ ეს ჩამონათვალი დამტკიცებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება კანონს "მეზღვაურობის შესახებ კანონი" ის საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მაისში მიიღო. ეს კანონიც ასევე სრულად დღეიდან ამოქმედდება.

აღნიშნული კანონი „განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს;

აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.“

წყარო: bm.ge