კანადურმა საცალო ვაჭრობის კომპანია Alimentation Couche-Tard-მა პოლონური Żabka Group-ის საკონტროლო წილის შესაძენად შეთანხმება გააფორმა. გარიგების ფარგლებში კომპანია Żabka-ს აქციონერებს თითო აქციაზე 32 პოლონურ ზლოტს სთავაზობს, რაც ბიზნესის მთლიან ღირებულებას დაახლოებით 32.6 მილიარდ ზლოტად, ანუ $8.7 მილიარდად აფასებს. ეს Couche-Tard-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი იქნება.

CVC Capital Partners-მა, Partners Group-მა და სხვა აქციონერებმა, რომლებიც Żabka-ს კაპიტალის დაახლოებით 57%-ს ფლობენ, აქციების შეთავაზებაში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს. შესყიდვის ფასი Żabka-ს აქციების წინა სავაჭრო დღის დახურვის მაჩვენებელზე დაახლოებით 9.4%-ით მაღალია.

გარიგების დასრულება მარეგულირებელი ორგანოების თანხმობასა და სხვა პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. მხარეები პროცესის დასრულებას 2026 წლის დეკემბრამდე ელიან. თუ Couche-Tard-ი კომპანიის აქციების მინიმუმ 95%-ს შეიძენს, ის Żabka-ს ვარშავის საფონდო ბირჟიდან მოხსნასაც გეგმავს.

Żabka პოლონეთსა და რუმინეთში დაახლოებით 13 000 მაღაზიას მართავს. გარიგების შედეგად გაერთიანებული ჯგუფის ქსელი დაახლოებით 30 300 სავაჭრო ობიექტამდე გაიზრდება. Couche-Tard-ის შეფასებით, თანამშრომლობამ სამი წლის განმავლობაში წლიურად დაახლოებით $250 მილიონის სინერგიული ეფექტი უნდა შექმნას.

კომპანიების განცხადებით, Żabka საკუთარი ბრენდითა და არსებული ფრანჩაიზინგის მოდელით გააგრძელებს მუშაობას. მისი ოპერაციული ავტონომიაც შენარჩუნდება. Couche-Tard-ისთვის გარიგება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციების მნიშვნელოვნად გაძლიერებას ნიშნავს.

წყარო:

https://www.reuters.com/business/alimentation-couche-tard-buy-polish-retailer-zabka-87-billion-2026-07-31/