ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

საპრივატიზაციო ქონება მოიცავს 478 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და მოძრავ ქონებას. აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 14 080 000 ლარია.

დოკუმენტაციის მიხედვით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. მყიდველი ვალდებული იქნება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვისა, ობიექტზე კომერციული დანიშნულების პროექტი განახორციელოს. კერძოდ, უნდა მოეწყოს საოფისე სივრცეები, საერთაშორისო ოპერატორი კომპანიების ქსელის სასტუმრო, სავაჭრო ან კვების ობიექტები (გარდა პირველადი მოხმარების ნივთების მაღაზიებისა) და დაიწყოს მათი ფუნქციონირება.

პრივატიზაციის პირობებით, ინვესტორმა აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ხოლო საპრივატიზაციო თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს.

ცნობისთვის, ამ შენობაში ადრე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი ფუნქციონირებდა, რომელიც 2025 წლის ივნისში გაუქმდა.