ნატო ევროპაში ბირთვული შეკავების გაძლიერების შესაძლებლობას განიხილავს
ნატო რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ფონზე ევროპაში ბირთვული შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. გერმანული სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, ერთ-ერთ ვარიანტად დამატებითი ამერიკული ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებაც განიხილება.
მედიის ცნობით, შესაძლო განთავსების ადგილებს შორის სახელდება პოლონეთი, ფინეთი და ლიეტუვა. თუმცა ნატოს ან აღნიშნული ქვეყნების მთავრობებს კონკრეტულ ტერიტორიებზე ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ DPA-სთან ინტერვიუში დამატებითი ამერიკული ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსება არ გამორიცხა, თუმცა მიმდინარე კონსულტაციების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ალიანსის ბირთვული დაგეგმვის ჯგუფმა 2026 წლის 18 ივნისს განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზაციაზე, დაგეგმვის სისტემის გაძლიერებასა და უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ადაპტაციაზე. ნატოს განმარტებით, მიზანია ალიანსის შეკავების მექანიზმის სანდოობის შენარჩუნება და შესაძლო აგრესიის პრევენცია.
პოლონეთმა და ლიეტუვამ დაადასტურეს, რომ ნატოს ბირთვული შეკავების სისტემაში მათი შესაძლო როლის გაფართოების შესახებ კონსულტაციებში მონაწილეობენ. ამასთან, პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსების კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს.
ლიეტუვაში კი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, დაიწყონ კონსტიტუციით გათვალისწინებული აკრძალვის გაუქმების პროცედურა, რომელიც ქვეყანაში ბირთვული იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას ზღუდავს. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, დაუყოვნებლივი განთავსება დაგეგმილი არ არის, თუმცა საკანონმდებლო შეზღუდვის მოხსნა ქვეყანას უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
ნატოს ოფიციალური პოზიციით, ალიანსის თავდაცვა ეფუძნება ბირთვული, კონვენციური და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების ერთობლიობას. ევროპაში ბირთვული შეკავების სისტემის შესაძლო გაფართოება დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებასთან.
წყაროები:
https://www.reuters.com/world/lithuania-agrees-remove-constitutional-ban-nuclear-weapons-2026-07-02/